ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთში ე.წ. ჯოგურმა იმუნიტეტმა არ გაამართლა, ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს


პანდემიის დაწყებიდან მეათე თვეს, შვედეთში შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი რეკორდულად მზარდი კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობაა. ბოლო მონაცემის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ი ყოველ 100 000 ადამიანზე 500-ს უდასტურდება, მაშინ როცა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ეს რიცხვი ქვეყანაში 150-ს არ აღემატებოდა.

9 თვის განმავლობაში შვედეთი პანდემიასთან საბრძოლველად ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის შემუშავებას ცდილობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსით მოსახლეობის ნაწილი ჯერ უნდა დაინფიცირებულიყო და შემდეგ გამოჯანმრთელებულიყო, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში ანტისხეულების გამომუშავებას შეუწყობდა ხელს. შვედეთის მიდგომას კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, როგორც მოწინააღმდეგეები ასევე მომხრეები ჰყავდა. თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ გამოიღებდა თუ არა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შედეგს მხოლოდ თვეების შემდეგ გამოჩნდებოდა. ამავე მეთოდს სკანდინავიის სხვა ქვეყნებიც მიმართავენ.

დღეს შვედეთმა პანდემიის მართვის მიმართ მიდგომა შეცვალა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ აიკრძალოს ხალხმრავალი საზოგადოებრივი შეკრებები. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, შეზღუდვები 24 ნოემბრიდან ამოქმედდება, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია. შვედეთის მთავრობის მეთაურმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს გამოიყენა სიტყვები "უპრეცედენტო რეაგირება". პრემიერი სტეფან ლოფენი ამბობს, რომ ახალი წესებით ქვეყანამ ვირუსის გავრცელება უნდა შეამციროს.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, თუ აქამდე შვედეთში რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრება იყო ნებადართული, მომდევნო კვირიდან ერთად 8-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. შეზღუდვები წესდება სავარჯიშო დარბაზებზეც. გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

"ეს არის ახალი ნორმა რომელიც მთელ საზოგადოებას ეხება. არ წახვიდეთ სპორტულ დარბაზებში, ბიბლიოთეკებში, არ უმასპინძლოთ ადამიანებს სახლში და ნუ მოაწყობთ წვეულებებს,“ - განაცხადა ცოტა ხნის წინ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში ექვჯერ გაიზარდა. მონაცემებმა საგრძნობი მატება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. თუმცა რთულ ვიტარებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა გაზაფხულთან შედარებით მცირეა.

გამოცემა "ბლუმბერგის" ეკონომისტი იოჰან ჟანსონი ამბობს, რომ შეზღუდვები შვედეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში რადგან ამ დროს ქვეყანა ტურისტულად ძალიან მიმზიდველია. შვედეთის ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებას ბლუმბერგი 2020 წლის მეოთხე კვარტალში ფიქრობს.

შვედეთში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 177 000-ს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 6 164-ს შეადგენს. ახალი კორონავირუსით მსოფლიოში სულ 54.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. 35 მილიონი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1.32 მილიონს აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG