ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არჩეული პრეზიდენტი" - არჩევნებიდან ინაუგურაციამდე


საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, ამერიკის არჩევნებში გაიმარჯვა, არჩეულ პრეზიდენტს უწოდებენ. ამჟამად ის დემოკრატი ჯო ბაიდენია - ლიდერი, რომელიც პრეზიდენტად დასახელებას და ინაუგურაციას ელოდება იმისთვის, რომ ოვალური კაბინეტი დაიკავოს და ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში მართოს.

ტერმინი "არჩეული პრეზიდენტი" სწორედ იმ პერიოდში გამოიყენება, როდესაც კანდიდატს ჯერ კიდევ არ აქვს ძალაუფლება, სანამ 2021 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის ფიცს არ დადებს. თუმცა, კაბინეტისა და ადმინისტრაციის შერჩევა-ჩამოყალიბების პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან, ბაიდენი ამბობს, რომ ის ფიცის დადებიდან უახლოეს დღეებშივე შეცვლის მისი წინამორბედის რამდენიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკას. თუმცა ქვეყანას ჯერ კიდევ 45-ე პრეზიდენტი - რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი მართავს.

თუმცა ახალი პრეზიდენტის ოფიციალურ დასახელებამდეც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა. 50-ივე შტატის ოფიციალურმა პირებმა ხმების სრული დათვლის შემდეგ შტატში გამარჯვებულად ესა თუ ის კანდიდატი უნდა დაასახელონ.




შემდეგ კი საქმეში საარჩევნო კოლეგია ერთვება, რომელიც 538 წევრისგან შედგება. გამარჯვებულს მათი მინიმუმ 270 ხმა სჭირდება. თითოეულ შტატში (გარდა ორი გამონაკლისისა) ის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩეველთა პირდაპირი ხმების უმრავლესობა მიიღო, ამ შტატის კოლეგიის ყველა წევრის ხმას იღებს. მეინისა და ნებრასკის შტატებში კი კოლეგიის წევრთა ხმები შესაძლოა საარჩევნო ოლქების მიხედვით გაიყოს (იმის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ოლქების სესაბამისად, როგორც კონგრესის წევრი აირჩევა).

თითოეული შტატის ოფიციალური შედეგის გამოცხადების შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში საარჩევნო კოლეგიის წევრები კანდიდატს ოფიციალურად აკუთვნებენ შტატის ხმებს, შემდეგ კი, ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე, საბოლოო შედეგებს კონგრესი ამტკიცებს.

მოქმედი პრეზიდენტის გუნდმა არჩევნებისა და ხმების დათვლის პროცესთან დაკავშირებით გასული დღეების განმავლობაში არაერთი საჩივარი შეიტანა შესაბამის უწყებებში. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამ დარღვევებმა შესაძლოა არჩევნების შედეგები შეცვალოს და ის პრეზიდენტი მეორე ვადითაც გახდეს. დონალდ ტრამპი ამის შესახებ კვირასაც წერდა, მას შემდეგ, რაც შაბათს წამყვანმა მედიასაშუალებებმა ბაიდენი უკვე დაასახელეს, როგორც სავარაუდო გამარჯვებული იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც მათ კონკრეტული შტატებიდან აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG