არჩევნებიდან მეორე დილად, ჯერ ისევ უცნობია, თუ ვინ იქნება ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი.
არჩევნების საბოლოო შედეგი სულ რამდენიმე შტატის მონაცემებზეა დამოკიდებული, სადაც ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა ჯერ ისევ მიმდინარეობს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შტატების უმრავლესობაში ლიდერობს, თუმცა თითოეულ მათგანში ჯერ ისევ ათასობით ფოსტით მიღებული ხმა დასათვლელია. არჩევნებამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებში შესაძლოა ჯო ბაიდენი ლიდერობდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შედეგები უცნობია, ტრამპი დღეს დილით ადრე თეთრ სახლში კამერების წინ გამოვიდა და განაცხადა, რომ სჯერა იმის, რომ არჩევნებში უკვე გაიმარჯვა, რის გამოც ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს იმისთვის, რომ ხმების დათვლა შეწყდეს.
„ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გაყალბებაა,“ თქვა მან და დასძინა, რომ მან არჩევნებში „უკვე გაიმარჯვა.“
ცოტა ხნით ადრე საკუთარ ამომრჩევლებს მიმართა პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მტკიცედ სჯერა გამარჯვების.
„ჩვენ ამას მოვიგებთ,“ უთხრა ბაიდენმა მხარდამჭერებს, რომელებიც მის მშობლიურ შტატ დელოვერში მის სახლთან მანქანებით არიან შეკრებილი. რამდენიმე შტატთან დაკავშირებით, სადაც ბაიდენი ტრამპს ჩამორჩება, მან თქვა, რომ „მოგვიწევს მოთმინება გამოვიჩინოთ.“
Facebook Forum