დღეს, შეერთებული შტატები არა მხოლოდ პრეზიდენტს ირჩევს, არამედ 35 სენატორსაც. აქედან რამდენიმე რბოლის შედეგი გადაწყვეტს არა მხოლოდ მომავალი სენატის პარტიულ შემადგენლობას, არამედ მომავალი პრეზიდენტის დღის წესრიგის წარმატებას, ან წარუმატებლობასაც. შტატები, სადაც აშშ-ის სენატის ბედი წყდება ასე გამოიყურება:
აიოვა: 2016 წელს დონალდ ტრამპმა აქ 9-პროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა. წლევანდელი არჩევნებისას აიოვა მერყევი შტატია. გამოკითხვების თანახმად, მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტი დემოკრატ კონკურენტ ტერეზა გრინფილდთან მარცხდება.
ჩრდილოეთ კაროლინა: აქ აშშ-ის სენატის ისტორიაში უძვირესი არჩევნები იმართება. მოწინააღმდეგე ბანაკებმა 250 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. მოქმედ რესპუბლიკელ სენატორ ტომ ტილისს კორონავირუსი შეეყარა და გარკვეული ხნით საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. მისმა დემოკრატმა კონკურენტმა კენ კანინგემმა ცოლის ღალატი აღიარა. სკანდალის მიუხედავად, გამოკითხვებში, კანინგემი ტილისს მცირედით უსწრებს.
მეინი: გამოკითხვების თანახმად, მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი სიუზან კოლინზი დემოკრატ კონკურენტ სარა გიდეონთან ექვსი პროცენტით აგებს. კოლინზი ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ემი კონი ბარეტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ჯორჯია: ამ არჩევნებზე შტატის ორივე სენატორის ბედი წყდება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერთი საგზურისთვის რბოლაში დემოკრატი ჯონ ოსოფი ერთი პროცენტით უსწრებს მოქმედ რესპუბლიკელ სენატორ დევიდ პერდიუს. მეორე საგზურისთვის კი რესპუბლიკელებისაგან ორი კანდიდატი, მოქმედი სენატორი კელი ლოფნერი და წარმომადგენელთა პალატის წევრი დაგ კოლინზი, აგრეთვე დემოკრატი კანდიდატი რაფაელ უორნოკი იბრძვიან. ვარაუდობენ, რომ აქ მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტური 5 იანვარს გაიმართება და მხოლოდ ამ დღეს გაირკვევა ჯორჯიის მეორე სენატორის ვინაობა.
სამხრეთ კაროლინა: მოქმედი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის კონკურენტია დემოკრატი ჯეიმი ჰარისონი, რომელმაც საარჩევნოდ, ბოლო კვარტალში, სარეკორდო 57 მილიონი დოლარი შეაგროვა. გამოკითხვების თანახმად, მეტოქეთა შანსები თანაბარია.
მონტანა: 2016 წლის არჩევნებისას ტრამპმა აქ 21-პროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა. ოქტომბრის მერე ნახევარში ოთხი წლის თავზე ჩატარებულ გამოკითხვებში მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი ერთი პროცენტით აგებს დემოკრატ კონკურენტ სტივ ბალოკთან.
Facebook Forum