ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაშინიანი: "ყარაბაღის საკითხი ვერ გადაიჭრება დიპლომატიური გზით"


ცოტა ხნის წინ, "ფეისბუქზე" პირდაპირ ჩართვაში სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაჭრის გზა ბრძოლაა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე არაა მზად კომპრომისებისთვის.

"ყარაბაღის საკითხი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ვერ გადაიჭრება დიპლომატიური გზით”, - თქვა მან. "ჩვენი ხალხის უფლებებისთვის ბრძოლა პირველ რიგში ნიშნავს ხელში იარაღის აღებას და სამშობლოს უფლებების დაცვისთვის თავდადებას".

სომხეთის პრემიერმა ეს განცხადება, იმ დროს გააკეთა, როცა სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი, ბრიუსელში ევროკავშირსა და ნატოს წარმომადგენლებთან შესახვედრად იმყოფება.

პარალელურად აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო მინისტრები მოსკოვში არიან, რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებების საწარმოებლად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალის მოსაძებნად.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს 23 ოქტომბერს ვაშინგტონში შეხვდებიან.

ამ დრომდე, განახლებულმა კონფლიქტმა ასობით სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯეიჰუნ ბაირამოვი მოსკოვში, „რუსულ მხარესთან კონსულტაციებისთვის“ გაემართა.

პარალელურად, მისი სომეხი კოლეგა, ზოჰრაბ მნაცაკანიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა პირისპირ მოლაპარაკებები.

ბაირამოვი და მნაცაკანიანი მოსკოვის შემდეგ ვაშინგტონში ჩავლენ, 23 ოქტომბერს სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებების გასამართად.

განჯა, აზერბაიჯანი
განჯა, აზერბაიჯანი

შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით შექმნილი "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარეები არიან. ჯგუფი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეიქმნა და მას კონფლიქტის დიპლომატიური მეთოდებით გადაჭრა ევალება. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ფორმატს შედეგი არ გამოუღია.

ამავდროულად, ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. რუსეთის მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შემწყვეტის ორი შეთანხმება დაირღვა.

მთიანი ყარაბაღის ანკლავი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო იერიში მიიტანა. დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავებულია კონფლიქტის ზონაში.

აზერბაიჯანმა 21 ოქტომბერს უარყო, რომ მისი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

„სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, აზერბაიჯანული საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, არაა მართალი“, - განაცხადა აზერებაიჯანულმა მხარემ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მათ კონფლიქტის ზონის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებამ გაზარდა შიში, რომ კონფლიქტი შეიძლება გასცდეს ფარგლებს და რეგიონულ ძალებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რუსეთს სომხეთთან საერთო თავდაცვის ხელშეკრულება აქვს დადებული. ხოლო თურქეთი აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა. არსებობს ასევე მზარდი შეშფოთება, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების უსაფრთხოების შესახებ.

სომხეთის პრეზიდენტი, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში, ჯოსეფ ბორელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ჩარლს მიშელს შეხვდება ბრიუსელში.

სომხეთი თურქეთს ბრალს დებს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაქირავებული მებრძოლების გაგზავნაში. თურქეთი უარყოფს ამ ბრალდებას.

სტეფანაკერტი
სტეფანაკერტი

ბრძოლა გრძელდება კონფლიქტის გასწვრივ საკონტაქტო ხაზზე. სომხური მხარე ამბობს, რომ ქალაქი მარტაკერტი მძიმე არტილერიის ცეცხლის ქვეშაა.

ორი მხარის მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმება რთულია და აზერბაიჯანიც და სომხეთი ბრალს დებს ერთმანეთს მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმების მიტანაში.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე 30,000 მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG