ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და ბაიდენი მერყევ შტატებში კამპანიას განაგრძობენ


ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფლორიდის შტატის ერთე-ერთ ოლქში ჩავიდა, რომელიც მისი თქმით, შტატში არჩევნების ბედს გადაწყვეტს. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 3 კვირა რჩება.

ბროუარდის ოლქი ფლორიდაში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ყველაზე დიდი ოლქია.

2016 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპი ამ ოლქში დაამარცხა, თუმცა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ მთელი შტატი მოიგო და ფლორიდის საარჩევნო კოლეგიის 29 ხმა მიიღო, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარა.

ორშაბათს დონალდ ტრამპს ფლორიდის სემინოლის ოლქში დიდი შეხვედრა ჰქონდა. ეს ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მისი პირველი საარჩევნო შეხვედრა იყო. 4 წლის წინ მან ეს ოლქი 4000-ზე ნაკლები ხმით მოიგო.

სამშაბათს კი პრეზიდენტმა უკვე სხვა უმნიშვნელოვანეს შტატში გადაინაცვლა, მათ შორის ერთ-ერთი ბაიდენის მშობლიური პენსილვანიაა. ტრამპმა ჯონსთაუნში ქალაქგარეთ მცხოვრებ ქალებს მიმართა და მათ მხარდაჭერა სთხოვა, ბაიდენი კი რადიკალ გლობალისტად მოიხსენია, რომელიც მდიდარი დონორების ინტერესების გატარებას ცდილობს და ამერიკელთათვის სამსახურების წართმევა, საზღვრების გახსნა და ქარხნების დახურვა სურს.

ბოლო გამოკითხვებით, ბაიდენი ფლორიდასა და პენსილვანიაში ლიდერობს. თუმცა შედეგები შესაძლოა განსხვავებული იყოს.

ტრამპი ფლორიდასა და პენსილვანიაშიც დიდი რაოდენობით მოქალაქეებს შეხვდა. სოციალურად ნაკლებ დისტანცირებულ ღონისძიებებზე ნიღაბი ცოტას თუ ეკეთა, მათ შორის არც პრეზიდენტს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსით დაავადების და გამოჯანმრთელების შემდეგ ის ვირუსისადმი იმუნურია.

ბაიდენისთვის კი ეს ფლორიდაში უკვე მესამე ვიზიტი იყო. 30-წუთიანი გამოსვლისას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მას ქირურგიული სტილის ნიღაბი ეკეთა. მსგავსი ნიღბები დაურიგეს დამსწრე ჟურნალისტებსაც. შეხვედრას მოწვეული ადამიანები, მცირე რაოდენობით პენსიონერები ესწრებოდნენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადო გამკლავების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG