ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვს სანქციებს უწესებს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს მხარი დაუჭირეს ფრანგულ-გერმანულ ინიციატივას, რომ რუსეთს კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო, სანქციები დაუწესონ.

ბერლინმა და პარიზმა თავიანთი წინადადება, ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე გააჟღერეს. მათი თქმით, მოსკოვისგან არ მიუღიათ საფუძვლიანი განმარტებები, ქიმიურ იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნაზე, რომ ნავალნის სხეულში საბჭოთა დროის, აკრძალული ნერვული აგენტი, ე.წ. ნოვიჩოკი აღმოჩნდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოწამვლა „დაუსჯელი ვერ დარჩებოდა“.

ევროკავშირის დიპლომატებმა, ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“ განუცხადეს, რომ გაერთიანების 27 საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსია და რომ სანქციები ითვლისწინებს, რუსეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს რამდენიმე ოფიციალური პირისთვის (GRU) სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას.

სანქციები სავარაუდოდ ძალაში მას შემდეგ შევა და დადასტურდება, რაც მათი ლეგალური მხარე მომზადდება.

20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენინსას ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს. ნავალნის სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამლეს.

მოსკოვი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობას უარყოფს.

2018 წელთან შედარებით, ბრიუსელმა სანქციებზე შეთანხმება უფრო სწრაფად შეძლო. 2018 წელს დიდ ბრიტანეთში, ნოვიჩოკით ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს. ევროკავშირი სანქციების დაწესებაზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსჯელობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG