კიდევ ერთი, ოღონდ - განსხვავებული ვაქცინა
ახალ, სხვებისგან გამორჩეულ, სინთეტურად შექმნილ კოვიდ-19-ის კანდიდატ ვაქცინას, ნოემბერში, ბრიტანეთში პირველ მოხალისეებზე გამოცდიან. ის სტარტაფ კომპანია „კოდაჯენიქსში“ შეიქმნა და მისი ავტორები ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მეცნიერები არიან.
ეს ვაქცინა განსხვავდება სხვა, ყველაზე დაწინაურებული ვაქცინებისგან, როგორიცაა მაგალითად ბრიტანულ „ასტრაზენეკაში“ ან ამერიკულ „მოდერნაში“ შექმნილი კანდიდატები. ისინი ადამიანის ორგანიზმს ვირუსის მხოლოდ ერთ ნაწილს, ე.წ. „სპაიკს“ აზიარებენ, რომ ადამიანის სხეულში ანტისხეულების გენერაცია მოხდეს.
„კოდაჯენიქსის“ უპირატესობა კი, პოტენციურად ის არის, რომ მათი ვაქცინა ცხვირიდან ადამიანის ორგანიზმში მთლიანი ცოცხალი ვირუსის შტამს შეიყვანს, ე.წ. ატენუირებულს, აქტივობადაკარგულს. პოპულარულ ენაზე ეს სარს-კოვ-2-ის დასუსტებულ, გაცილებით ნელა მზარდ ვერსიას ნიშნავს.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ტიპის ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში არამარტო ანტისხეულების, არამედ T უჯრედების გამომუშავებასაც უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი ლიმფოციტარული სახეობის უჯრედია, რომელსაც დაავადების გამომწვევ ვირუსთან ბრძოლის და მისი განადგურების უნარი აქვს.
ანალოგიური მეთოდით მიიღეს გასული საუკუნის 50-იან წლებში პოლიოვაქცინა, რომელიც ადამიანს აინფიცირებდა, თუმცა მის პარალიზებას არ იწვევდა. ვაქცინა მას შემდეგ მილიარდობით ბავშვს გაუკეთდა.
„კოდაჯენიქსში“ ფიქრობენ, რომ ამ მეთოდით შექმნილი ვაქცინა გაცილებით იაფი იქნება და ვაქცინაციაც ძალიან იოლად, ცხვირში ჩაწვეთებით შეიძლება მოხდეს. „თუ გსურს, რომ იმუნოლოგიური პასუხი მიიღო, ავადობის კურსის იმიტაცია უნდა შეძლო“ - ამბობს რაჯივ დერი, სერუმის ინსტიტუტის დირექტორი. „ამის გაკეთება მხოლოდ ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინით შეიძლება“, დასძენს ის.
ისევ კარანტინი
ისრაელი კვლავ საკარანტინო შეზღუდვებს იღებს. სამკვირიანი კარანტინი ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით, შუადღეზე შედის, ებრაულ ახალ წლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე.
ისრაელში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება. 9 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, ოთხშაბათს, მარტო ერთ დღეში 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში 170 000-მდე ინფიცირების ფაქტი აღირიცხა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კოვიდ-19-ის გართულებებით 1 169 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის ზომები დღეიდან ესპანეთის ზოგიერთ ნაწილშიც მკაცრდება. ხუთშაბათს, გაზაფხულის პიკის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მსხვერპლიანი დღე იყო. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი კორონავირუსის გამო, ბოლო 24-საათიან ინტერვალში 239 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიით ყველაზე უფრო დაზარალებულად ახლა მადრიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია ითვლება. დედაქალაქზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 მოდის. "ზომებს ვიღებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის... არაფერი იმუშავებს, თუ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანი არ გაიზიარებს" - თქვა ანტონიო ზაპატერომ, ესპანეთის დედაქალაქის კოვიდ-19-თან მებრძოლი ჯგუფის ხელმძღვანელმა.
იმის მიუხედავად, რომ ინფიცირების ტემპების ზრდის გამო ესპანეთში მეორე ტალღაზე საუბრობენ, ფატალობის დღიური მაჩვენებელი გაზაფხულის მაჩვენებლებთან შედარებით, მაინც ბევრად უფრო დაბალია. 2 აპრილს ერთ დღეში კოვიდ-19-ით 961 ადამიანი გარდაიცვალა.
„კორონავირუსის პასპორტი“ რეკომენდებული არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ გაეროს ჯანდაცვის წამყვანი სააგენტო არ გაუწევს რეკომენდაციას სახელმწიფოების მიერ ახალი კორონავირუსისადმი იმუნიტეტის დოკუმენტის, ე.წ. პასპორტების გამოშვებას. ამის მიზეზი ის არის, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია პოტენციურ რისკებზე. მათ ზუსტად არ იციან, მართლაც იცავს თუ არა ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმს რეინფექციისგან და თუ იცავს, მაშინ - რამდენი ხნით.
პანდემიის საწყის ეტაპზე, მთელ რიგ ქვეყნებში ამგვარი პასპორტების, თუ სერთიფიკატების დაბეჭდვა მართლაც განიხილებოდა. დოკუმენტის საშუალებით, იმ ადამიანს, რომელმაც კოვიდ-19 გადაიტანა, დაცულად ჩათვლიდნენ და მას მგზავრობის და სამსახურში დაბრუნების შანსი მიეცემოდა.
ეს იდეა შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. უკვე ივნისში გამოქვეყნდა პირველი კვლევა ჟურნალ „ნეიჩერის“ სამედიცინო ნაწილში, რომელშიც მეცნიერები აჩვენებდნენ, რომ ახალი კორონავირუსის ანტისხეულები ინფიცირებიდან მხოლოდ ორიდან სამ თვემდე ძლებდა.
თუმცა, მსგავსი კვლევები ან მცირე ზომისაა, ან სხვა ტიპის ლიმიტები აქვს იმისთვის, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი შედგეს. ამიტომ ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ, რომ ორგანიზმის მიერ იმუნიტეტის ხანგრძლივობაზე რაიმე დასკვნა გაკეთდეს.
მაშინ ამ კვლევასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს შეერთებული შტატების წამყვან ინფექციონისტ, ექიმ ენტონი ფაუჩის. მან სამეცნიერო ჟურნალ „ჯამას“ რედაქტორ ჰოვარდ ბუშნერს უთხრა: „როცა კორონავირუსების ისტორიას გადახედავ, გავრცელებული კორონავირუსების, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს, ლიტერატურაში იმუნიტეტის სამიდან ექვს თვემდე ხანგრძლივობას გადააწყდები და ეს თითქმის ყოველთვის ერთ წელზე ნაკლებია“.
14-დღიანი იზოლაცია არ უნდა შეიცვალოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახალ კორონავირუსთან შეხება ჰქონდა, ორკვირიანი კარანტინის წესი არ უნდა შეიცვალოს. ზოგიერთმა ქვეყანამ გაეროს წამყვანი ჯანდაცვის უწყების რეკომენდაცია შეცვალა და იზოლაციის დღეების რაოდენობა შეამცირა.
მათ შორის, ვინც კარანტინის დღეები შეზღუდა, არის საფრანგეთი - 7 დღე, ბრიტანეთი და ირლანდია - 10 დღე. საკარანტინო დღეების შემცირების ანალოგიურ ნაბიჯს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებშიც განიხილავენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთშაბათს ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, არ შეამცირონ იზოლაციის რეკომენდებული დრო, რადგან "მთელი ევროპის კონტინენტზე" ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების "საგანგაშო მონაცემებია". ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ექიმმა ჰანს კლუგემ თქვა, რომ ბოლო 24 საათში კონტინენტზე დაფიქსირებული 50 000 ინფიცირების შემთხვევა გაცილებით მეტია, ვიდრე 1 აპრილს დაფიქსირებული პიკი, რომელიც მაშინ 43 000 იყო.
„ფაიზერი“ ვაქცინის ეფექტურობის შედეგებს ოქტომბერში დადებს
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამერიკული ფარმაკო-გიგანტი „ფაიზერი“, კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობის დამადასტურებელ პირველ შედეგებს თვენახევარზე ნაკლებ დროში, ოქტომბრის ბოლოსკენ წარმოადგენს. ფარმაკოლოგიური კომპანია ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე გერმანულ ფირმა „ბიოენტექთან“ ერთად მუშაობს.
„ფაიზერში“ აცხადებენ, რომ ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ შეერთებულ შტატებში ვაქცინის დამტკიცების პროცესს. თუმცა, ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რა ტიპის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ამის გაკეთება.
აღნიშნული ინფორმაცია აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება სწორედ „ფაიზერს“ გულისხმობდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როცა აცხადებდა, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიძლებოდა დამტკიცებულიყო. ამ განცხადებებმა ცოტა ხნის წინ სამეცნიერო პროცესებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ შეშფოთებაც კი გააჩინა.
თუმცა, შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმები მუშაობს. როცა „ფაიზერი“ დოკუმენტაციას ამერიკის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას წარუდგენს, პროტოკოლის მიხედვით, პროცესს ზედამხედველობას უწევს დამოუკიდებელ ექსპერტთა პანელი, რომელიც მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს სახელით არის ცნობილი.
„ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ დოკუმენტაციას პირველი სწორედ ეს მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭო გაეცნობა. 32-წევრიანი პანელი შეფასებას და რეკომენდაციას შემდგომი განხილვისთვის ფედერალურ უწყებას, საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას გადაუგზავნის.
აღნიშნული ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში 29 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ზოგადი სტანდარტით, ახალი კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცებისთვის, ის პლაცებოსთან შედარებით, 50%-ზე მაღალ ეფექტურობას უნდა აჩვენებდეს.
თუ შედარებით მცირე მასშტაბის კლინიკური გამოცდაა, მაშინ სტანდარტი იცვლება და ვაქცინის ეფექტურობა მინიმუმ 76.9% უნდა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს უკანასკნელი მოთხოვნა იქნება მიყენებული „ფაიზერის“ ვაქცინის მიმართ. საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
Facebook Forum