ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფიცირებული ახალგაზრდების 21% რეანიმაციაში ხვდება


კოვიდ-19-ის შემთხვევები "ამერიკელ ახალგაზრდებში სწრაფი ტემპით იზრდება" - ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა. ის სამეცნიერო ჟურნალ "ჯამას" სამედიცინო ნაწილში გამოქვეყნდა.

ჰარვარდის მეცნიერებმა 18-დან 34 წლამდე ასაკის 3 200 ახალგაზრდა შეისწავლეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებში არამარტო ინფიცირების ზრდა ფიქსირდება, არამედ გართულებების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

შესწავლილი ახალგაზრდებიდან, რეანიმაციაში 21% მოხვდა. 10%-ს ვენტილატორი დასჭირდა, 2.7% კი გარდაიცვალა.

როგორც ასაკოვან ადამიანებში, ისე ახალგაზრდებში, გართულებების მთავარი რისკფაქტორებია: ჭარბი წონა, ჰიპერტენზია და დიაბეტი. ჰარვარდის მეცნიერების თქმით, თუ ახალგაზრდებს აქედან ერთზე მეტი რისკფაქტორი აღენიშნებათ, "სიცოცხლისთვის რისკი ისეთივეა, როგორც შუახნის ასაკის ადამიანებში რისკფაქტორების გარეშე".

რასობრივი ფაქტორი ახალგაზრდების ჯგუფშიც ფიგურირებს. ჰოსპიტალიზებულებს შორის ნახევარზე მეტია შავკანიანი, ან ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენელი, რომელთაც შეერთებულ შტატებში ხშირად ლათინოსებს უწოდებენ.

დღეს, კიდევ ერთი საინტერესო ანგარიში გამოქვეყნდა, ამჯერად აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ. კოვიდ-19-ით ახლადინფიცირებულებს შორის, ორჯერ მეტია ის ადამიანები, ვინც უახლოეს წარსულში რესტორანში ისადილა, მათთან შედარებით, ვინც შინ იმზადებს კერძებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 28 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი კი 900 000-ს აჭარბებს. სხვებთან შედარებით, შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი, 6.4 მილიონი ინფიცირება და 191 000-ზე მეტი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG