ესპანეთი დასავლეთ ევროპაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს უკვე გადააჭარბა. სულ, მსოფლიოში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით 27,3 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 900 000 აღწევს.
ის, რომ ესპანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა დაადასტურა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სულ ქვეყანაში 525 549 ინფიცირებულია დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 30 000 აღწევს.
საფრანგეთში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით დაინფიცირდა 367, 174 ადამიანი. ქვეყნაში 30 000-ზე მეტი გარდაცვლილია.
დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 352 000 აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობა კი 41 000-ზე მეტია.
ამ მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთში მიუხედავად უფრო დიდი ინფიცირებისა გარდაცვლილთა რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირეა.
ესპანეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დასახელებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. ეს შექება ქვეყანამ ეფექტური შეზღუდვებითა და ვირუსის შეჩერების გამო დაიმსახურა, თუმცა მას შემდეგ რაც ივლისში ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქრება დაიწყო, ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად და სტაბილურად იზრდება.
სპეციალისტები ესპანეთში ვერ თანხმდებიან რამ გამოიწვია დაინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი ზრდა. ზოგი ამას უკავშირებს ესპანელების ცხოვრების წესს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ნაადრევად მოხდა შეზღუდვების მოხსნა.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან სამხრეთ კორეაშიც. სახელმწიფოს მიდგომებს ექიმები არ ეთანხმებიან და პანდემიის პირობებში წამოწყებული პროტესტი პრობლემებს უქმნის ჯანდაცვის სისტემას უკეთესი ფუნქციონირებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი დღეში საშუალოდ 300 ადამიანს უდასტურდებოდა, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 200-ია.
სააგენტო "როიტერის" ცნობით, პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის თავზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის შემთხვევები 22 შტატში მზარდია. სააგენტო ინფიცირების მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა და შესაძლოა ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამერიკის შეერთებული შტატებს მოსლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კოვიდ-19 დაუდასტურდა 6 მილიონზე მეტ ადამიანს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 190 000-ს აჭარბებს.
ვითარება რთულდება საქართველოშიც. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება. წითელ რეგიონად აჭარა არის გამოცხადებული. ეპიდემიოლოგები შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ, თუმცა მოსახლეობას ამშვიდებენ და ეუბნებიან, რომ ვითარების კონტროლს შეძლებენ.
აქვე სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას რომ დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები, რათა ვირუსის გავრცელების შეჩერება მოხდეს. სულ საქართველოში კოვიდ-19 დაუდასტურდა 1 729 ადამიანს, გარდაცვლილია 19, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 321 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 000-ზე მეტი ადამიანი.
მნიშვნელოვნად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა ინდოეთში ( 4 მლნ) ბრაზილიაში (4 მლნ) და რუსეთში (1 მლნ)
ამ ფონზე, ჩინეთში ვირუსის დამარცხებას ზეიმობენ და აჯილდოებენ იმ პირებს რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური როლი ითამაშეს. სამშაბათს პეკინის დიდ სახალხო დარბაზში ოთხი ოფიციალური პირი დააჯილდოეს. პეკინში ამბობენ, რომ ჩინეთმა სწორად და სწრაფად შეძლო პანდემიასთან გამკლავება.
ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ბოლო 4 თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ 10 000-ით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 90 000 შეადგენს.
Facebook Forum