ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა კონვენციის პირველი დღე


ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კონვენცია გაიხსნა. დაწყებისთანავე, მთავარ საკითხად წინ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლამ წამოიწია. აშკარა გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია 3 ნოემბრის არჩევნებზე გამარჯვებისთვის, პანდემიასთან ბრძოლას და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაცემულ ტელეპროგრამაში ნაჩვენები იყო, თუ როგორ შეხვდა პრეზიდენტი ტრამპი ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც მას პანდემიასთან ბრძოლაში ლიდერობას უქებდნენ. ჯგუფში ნიღაბი არავის ეკეთა და არც ფიზიკური დისტანცია იყო დაცული.

თეთრი სახლის დიპლომატიის ოთახში პრეზიდენტი მოგვიანებით შეხვდა უცხოეთში ტყვეობაში მძევლად ნამყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაათავისუფლეს. საარჩევნო კამპანიამ ამით პრეზიდენტის დიპლომატიურ უნარებს გაუსვა ხაზი. ირანში ორი წლის განმავლობაში ტყვედ ნამყოფმა მაიკლ უაითმა პრეზიდენტს უთხრა: "თქვენ შეძელით ჩემი ციხიდან გამოყვანა. ეს გასაოცარი იყო".

პრეზიდენტის რიგით ამერიკელებთან შეხვედრებს შორის, რესპუბლიკური პარტიის ცნობილი სახეები სიტყვით გამოდიოდნენ და ამომრჩევლებს უსაბუთებდნენ, თუ რატომ უნდა აერჩიათ მათ მეორე ვადით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გამომსვლელებს შორის იყვნენ: ნიკი ჰეილი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში; ტრამპის ვაჟიშვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი; სენატორი ტიმ სკოტი, სამხრეთ კაროლინიდან, რომელიც ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელი სენატორია კონგრესში და ასევე რიგითი ამერიკელები, მათ შორის - ემიგრანტები.

ნიკი ჰეილი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში
ნიკი ჰეილი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში

პარტიის ეროვნული კონვენცია კარგი საშუალებაა ამომრჩევლებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებამდე სულ 10 კვირა აქვს, რომ მათ აზრი შეაცვლევინოს. ჯერჯერობით, ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპს რეიტინგებით დემოკრატთა კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საშუალოდ 7.6 პროცენტით უსწრებს.

ამერიკის უახლეს ისტორიაში, ბოლო 40 წლის მანძილზე, საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ ორმა მოქმედმა პრეზიდენტმა წააგო. ესენი არიან: 1992 წელს, რესპუბლიკელი უფროსი ჯორჯ ბუში და 1980 წელს, დემოკრატი ჯიმი კარტერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG