შეერთებულ შტატებში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დეპრესიის, შფოთვის, ფსიქოზის და სუიციდისადმი მიდრეკილების შემთხვევები დრამატულად გაიზარდა. ახალი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს ორგანიზაცია - ამერიკის მენტალური ჯანმრთელობა (MHA), რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ფსიქიკურ სიჯანსაღეს საუკუნეზე მეტი ხანია სწავლობს.
მათი მონაცემებით, მარტო მაის-ივნისის თვეებში, ფსიქიკური პრობლემების გამო, ექიმს დღეში გაცილებით მეტი ადამიანი მიმართავდა, ვიდრე მანამდე. იანვრის გამოკითხვებთან შედარებით, ზრდამ შფოთვითი აშლილობის მიმართულებით 406% შეადგინა, დეპრესიის გამო - 457%.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში, ამერიკაში ყოველ მესამე ადამიანს აღენიშნებოდა შფოთვითი აშლილობა, ან დეპრესია. გასულ წელს, ანალოგიური პრობლემები მხოლოდ ათიდან ერთ ამერიკელს ჰქონდა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი შეერთებული შტატების საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა.
დეპრესია მოზარდ და ზრდასრულ მოსახლეობაში, ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს. ის ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს და სიმპტომების ფართო სპექტრს მოიცავს. დეპრესია შეიძლება უბრალოდ უიმედობის და უბედურების შეგრძნებაში გამოიხატებოდეს, ან ხშირ აცრემლებაში, თუ სიამოვნების შეგრძნების დაკარგვაში იმით, რაც ადრე სიხარულს გვანიჭებდა. დეპრესიას გაცილებით რთული სიმპტომატიკაც აქვს, რაც შეიძლება სასოწარკვეთაში, თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის მცდელობაში გამოიხატოს.
ორგანიზაციის -ამერიკის მენტალური ჯანმრთელობა- ანგარიშის მიხედვით, ივნისში ფსიქოზის მიზეზით ექიმს 4-ჯერ მეტმა ადამიანმა მიმართა, ვიდრე მაგალითად, მარტში. ამასთან, ეს პრობლემები გაცილებით მწვავეა 25 წლამდე ახალგაზრდებში. განსაკუთრებით რთული ვითარება შეინიშნება 11-დან 17 წლამდე მოზარდებში.
დეპრესიის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ყოველი 10 ახალგაზრდიდან 9-ს საშუალო, ან მწვავე დეპრესია აღენიშნება. შფოთვითი აშლილობის დროს კი 10-დან ყოველ 8 პაციენტს საშუალო, ან მწვავე აშლილობა აქვს.
„მარტოობას და იზოლაციას“ უჩივის პაციენტების დიდი უმრავლესობა: დეპრესიის მქონეთა - 74% და შფოთვითი აშლილობის მქონეთა - 65%. ეს პროცენტული მონაცემები აპრილიდან ივნისის ჩათვლით არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ აპრილში მხოლოდ 70 000-მდე პაციენტი გამოკითხეს, ივნისში კი თითქმის - 231 000.
როცა მაისში გამოკითხულებს სთხოვეს დაკონკრეტება, თუ რა მოქმედებდა მათზე უარყოფითად, უმეტესობამ, 62%-მა მთავარ მიზეზად სიმარტოვე დაასახელა. დანარჩენ მიზეზებს შორის იყო: წარსულის ტრავმა - 47%; პრობლემები ურთიერთობებში - 41%; კორონავირუსი - 36%; მიმდინარე მოვლენები (ახალი ამბები, პოლიტიკა...) - 29%; გლოვა, ადამიანის დაკარგვა - 25%; ფინანსური პრობლემები - 24%.
გამოკითხვაში ყველაზე შემაშფოთებელი იყო მონაცემები სუიციდური ფიქრების და თვითდაზიანების სურვილის შესახებ. ივნისში, გამოკითხულთა შორის 25 500-მდე ადამიანმა დადებითად უპასუხა კითხვას: თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე ვფიქრობ სულ ცოტა, ნახევარი დღე და/ან ყოველდღე.
ფსიქიკური პრობლემები კოვიდ-19-ით ინფიცირების ზრდასთან ერთად მატულობს, ამბობს ორგანიზაციის -ამერიკის მენტალური ჯანმრთელობა- ვებგვერდი. მათი მონაცემების მიხედვით, დღეისთვის ფსიქიკური პრობლემები ყოველ ხუთ ამერიკელში ერთს აწუხებს, ყოველი მეორე კი ამ რისკის ქვეშ იმყოფება.
ანალოგიური გამოკითხვა ბრიტანეთშიც ჩატარდა. როგორც გაირკვა, ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, დეპრესიის შემთხვევები გაერთიანებულ სამეფოში თითქმის გაორმაგდა. სამშაბათს, ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულმა ოფისმა (ONS) „ტვიტერზე“ დაწერა, რომ პანდემიის შემდეგ, დეპრესიის შემთხვევები 10%-დან 19%-მდე გაიზარდა.
ახალი მონაცემებით, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ყოველი მეხუთე ბრიტანელი, ანუ - გამოკითხულთა 19.2% - ივნისში დეპრესიაში იყო. ანალოგიურ გამოკითხვაში, გასული წლის ივლისიდან 2020 წლის მარტამდე (ანუ დაახლოებით იმ პერიოდამდე, როცა ბრიტანეთში კარანტინი გამოცხადდა), დეპრესიაში მყოფთა რაოდენობა 9.7%-ს არ აღემატებოდა. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ერთი წლის წინ მხოლოდ ყოველ მეათე ბრიტანელს აწუხებდა.
ბრიტანულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველ მერვე ადამიანს (12.9%) საშუალო სიმძიმის, ან მწვავე დეპრესიის სიმპტომები აქვს. მათი კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფი აღმოჩნდა 16-დან 39 წლამდე ქალები.
გამოკითხულებს შორის 84.9%-ში, სტრესი და შფოთვა იყო ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომები. ხუთიდან ორ ზრდასრულ ბრიტანელს (42.2%) პანდემიის დროს ერთხელ მაინც ჰქონდა დეპრესიის რომელიმე ფორმა და დაახლოებით ამდენივე ამბობდა, რომ ამ პერიოდმა უარყოფითად იმოქმედა მათ პირად ურთიერთობებზე.
ამერიკული კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ორგანიზაციის - ამერიკის მენტალური ჯანმრთელობა (MHA) - ვებგვერდზე. ბრიტანული გამოკითხვის შედეგები კი სათაურით: „კორონავირუსი და დეპრესია ზრდასრულებში, დიდი ბრიტანეთი: ივნისი 2020“, გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული ოფისის (ONS) ვებგვერდზე.
Facebook Forum