“ბი-ბი-სი” აცხადებს, რომ მისმა სპარსულმა რედაქციამ ანონიმური წყაროსგან მიიღო გამჟონილი დოკუმენტები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ირანი “კოვიდ-19”-ის მონაცემების შესახებ სიმართლეს არ ამბობდა.
მაგალითად, “ბი-ბი-სი” ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში “კოვიდ-19”-ით გამოწვეული გარდაცვალებების რიცხვი, ირანის მიერ გამოცხადებულზე თითქმის სამჯერ მეტია. 20 ივლისისთვის 42 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ჯანდაცვის სამინისტრომ კი 14,405 შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.
ამის მსგავსად, ინფიცირების დონეც ორჯერ უფრო მაღალია. ჯანდაცვის სამინისტრომ 278,827 შემთხვევის შესახებ გამოაცხადა, “ბი-ბი-სი”-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად კი 451,024 შემთხვევაა აღრიცხული.
ამასთან ერთად, დოკუმენტების თანახმად, ირანში “კოვიდ-19”-ით პირველი გარდაცვალება 22 იანვარს დაფიქსირდა, თუმცა ირანმა ამის შესახებ თითქმის ერთი თვის დაგვიანებით გამოაცხადა.
სტატისტიკის დამალვით თუ მის გარეშე, “ბი-ბი-სი” ამბობს, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში, “კოვიდ-19”-ის ინფექციებით ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა.
ანონიმურმა წყარომ მედია კონგლომერატს უთხრა, რომ დოკუმენტებს “სიმართლეზე ნათელის მოსაფენად” და კორონავირუსის პანდემიის გარშემო “პოლიტიკური თამაშების” დასასრულებლად უზიარებდა.
Facebook Forum