ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრებს დედამიწაზე შესაძლოა მზის აქტივობა იწვევდეს


ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწაზე მომხდარი მიწისძვრების დიდი ნაწილის პროვოცირებას შეიძლება კოსმოსური ამინდი იწვევდეს. იტალიელი მეცნიერები გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტიდან ფიქრობენ, რომ მათ პირველად მიაკვლიეს მტკიცებულებას იმის სათქმელად, რომ ძლიერი მიწისძვრების მთავარი მიზეზი შესაძლოა მზეზე მომხდარი აფეთქებები იყოს.

რასაც ჩვენ მიწისძვრას ვეძახით, არის დედამიწის ზედაპირის რხევა, რომელიც უმეტესად სუსტი და შეუმჩნეველია. შეერთებული შტატების გეოლოგიის კვლევის სამმართველოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 1900 წლიდან აღწერა დაიწყო, დედამიწაზე ყოველწლიურად 20 ათასამდე მიწისძვრა ხდება, დღეში საშუალოდ - 55. ყოველწლიურად მომხდარ მიწისძვრებს შორის, საშუალოდ 16 ძლიერი მიწისძვრაა, რიხტერის შკალით 7-ბალიანი, ან კიდევ უფრო მძლავრი.

მიწისძვრების უმეტესი ნაწილი ტექტონიკურია და მათი ძირითადი მექანიზმიც ცნობილია: მიწისქვეშა ქანებში დაგროვილი ენერგიის გამოთავისუფლების დროს, ხდება ტექტონიკური ფილების გადაადგილება, რაც ზედაპირზე ბიძგებს იწვევს. მეცნიერებმა ჯერ ვერ მიაგნეს მიწისძვრების გამომწვევ დადასტურებულ მიზეზს და ამ ეტაპზე მათი პროგნოზირება კვლავ მისტიკის სფეროდ რჩება.

მიწისძვრებს ერთი თავისებურება ახასიათებს. ძლიერი მიწისძვრები არა შემთხვევით და გაფანტულად, არამედ ჯგუფ-ჯგუფად ხდება და ამასთან, „მათ შორის გარკვეული კორელაციაა“ - ამბობს ახალი ნაშრომის თანაავტორი, ჯუზეპე დი-ნატალი. ის კვლევების დირექტორია რომში მდებარე გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში.

იტალიელი მეცნიერების ჯგუფი ფიქრობს, რომ მათ მზის აქტივობას და დედამიწაზე მომხდარ მიწისძვრებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. მათი კვლევის მიხედვით, მიწისძვრების პროვოცირებას შესაძლოა იწვევდეს მზის ზედაპირზე მომხდარი აფეთქებები, კერძოდ - დადებითად დამუხტული იონები.

იტალიის გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში ბოლო 20 წლის მონაცემები ამოიღეს და დაამუშავეს. მეცნიერებმა შეისწავლეს და ერთმანეთს შეადარეს როგორც მიწისძვრების საინფორმაციო ბაზის მონაცემები, ისე სატელიტ „სოჰოს“ (სოლარული და ჰელიოსფეროს ობსერვატორია NASA-ESA) მიერ დაფიქსირებული მზის აქტივობის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, მათ აინტერესებდათ დადებითად დამუხტული პროტონების ზემოქმედება ჩვენს პლანეტაზე.

მკვლევარებმა შენიშნეს, რომ დედამიწის მიმართულებით პროტონების რაოდენობის და სიჩქარის ზრდასთან ერთად, დედამიწაზე მიწისძვრები უფრო ძლიერდებოდა. პროტონების პიკის პერიოდში კი მომდევნო 24 საათში მიწისძვრის სიმძლავრე, როგორც წესი, 5.6 ბალს აღემატებოდა.

„ჰიპოთეზის სტატისტიკური დადასტურება ძალიან მრავლისმეტყველია“ - ამბობს დი-ნატალი. „იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა, ძალიან, ძალიან დაბალი გამოდის - ერთი 100 000-დან“ - აღნიშნავს კვლევების დირექტორი იტალიის გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში.

თუ ეს ასეა, მაშინ რა მექანიზმით შეიძლება ზემოქმედებდეს პროტონები დექტონიკური ფილების გადაადგილებაზე? იტალიელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მოვლენის გასაღები შეიძლება კვარცი იყოს, დედამიწის ქერქის შემადგენელი მინერალი, რომელსაც ელექტრული იმპულსების გენერაციის უნარი აქვს. იტალიელი მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ მცირე ზომის ელექტრო იმპულსები გახეთქვის პირზე მყოფი ფილების დესტაბილიზაციას იწვევენ და ამით მიწისძვრების პროვოცირებას ახდენენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერები შეეცადნენ, დედამიწაზე მომხდარი მიწისძვრები მზეზე მიმდინარე აქტივობებთან დაეკავშირებინათ. ერთ-ერთი პირველი, შვეიცარელი ასტრონომი რუდოლფ ვულფი იყო, რომელმაც მსგავსი ჰიპოთეზა ჯერ კიდევ 1853 წელს წამოაყენა, თუმცა მისი დამტკიცება ვერ შეძლო. მოგვიანებით, ამ ვერსიაზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა კიდევ რამდენჯერმე სცადეს, ბოლოს 2013 წელს, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

როგორც ხშირად მიუთითებენ მსგავსი ნაშრომების დასასრულს, იტალიელი მკვლევარებიც აღნიშნავენ, რომ მათი აღმოჩენის საბოლოოდ დასადასტურებლად, შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუკი მომავალში სამეცნიერო კვლევები დაამტკიცებს, რომ ძლიერი მიწისძვრების პროვოცირებას მართლაც მზეზე მომხდარი აფეთქებები იწვევს, ადამიანებს ამ დამანგრეველი სტიქიური მოვლენის პროგნოზირების და მისთვის მომზადებისთვის მეტი ბერკეტი ექნებათ და ეს ბევრ სიცოცხლეს იხსნის.

აღნიშნული ჰიპოთეზის ოპონენტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მზის 11-წლიანი ციკლის პერიოდში, როცა მაგნიტური შტორმები და აფეთქებები მინელებულია, დედამიწაზე ძლიერი მიწისძვრები მაინც ხდება. მზე ახლაც სწორედ ამ ფაზაშია შესული და შემდეგი სულ ცოტა, 10 წლის მანძილზე, ასტრონომები დიდ სოლარულ აქტივობას მის ზედაპირზე აღარ მოელიან.

ნაშრომი სათაურით - „კორელაციაზე სოლარულ აქტივობას და მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს შორის“ - 13 ივლისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“. მისი ავტორები არიან: ვიტო მარჩიეტელი, პაოლო ჰარაბაგლია, კლაუდია ტროისი და ჯუზეპე დი-ნატალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG