შეერთებული შტატები კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტების მარაგებზე მჭიდროდაა დამოკიდებული უცხოელ მწარმოებლებზე - ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
"პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას, ჩვენი მომარაგების ჯაჭვები რეალურად უფრო დაუცველი გახდა", - უთხრა ბაიდენის კამპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ ენერგო-ტექნოლოგიების, ელექტრონიკის, ტელეკომუნიკაციებისა თუ სხვა კომპიუტერული აღჭურვილობის მიმართულებით, ამერიკა ზედმეტადაა დამოკიდებული უცხოელ მწარმოებლებზე. იმ შემთხვევაში კი, თუკი ბაიდენი ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და პრეზიდენტი გახდება, მის უპირველეს პრიორიტეტებს შორის სწორედ ამერიკის მომარაგების ჯაჭვის გადახედვა იქნება და "თავდაცვის წარმოების აქტის" გამოყენება იმისთვის, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე პროდუქცია და ამ პროდუქციის მარაგები ამერიკაში შეიქმნას და შეინახოს. "იმისთვის, რომ ამერიკა აღარასდროს აღმოჩნდეს ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში, როგორც ამ კრიზისის დროს იყო", - აცხადებს კამპანიის წარმომადგენელი.
დონალდ ტრამპი, რომელიც წარმოების ამერიკაში დაბრუნებაზე დიდი ხანია საუბრობს, ამბობს, რომ ამერიკა უცხოელ მწარმოებლებზე დამოკიდებული სწორედ ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და მათი პოლიტიკის შედეგად გახდა.
Facebook Forum