ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ხელშეწყობით ვირუსულად გავრცელებული ვიდეო ცრუობს, თითქოს იტალიას სურს, ბილ გეიტსი დააპატიმრონ


14 მაისს, YouTube-ის prisoners0fprogress-ის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, მინაწერით: „იტალიის მთავრობა ბილ გეიტსის დაპატიმრებას მოითხოვს“. ვიდეო იტალიურ ენაზეა ინგლისური სუბტიტრებით. ორ დღეში ვიდეოს თითქმის მილიონი ნახვა და 2,000-მდე კომენტარი ჰქონდა. ის სხვა სოციალურ ქსელებზეც გავრცელდა.

დაპატიმრების მოთხოვნა სიცრუეა.

იტალიის მთავრობას მსგავსი არაფერი მოუთხოვია ბილ გეიტსთან დაკავშირებით. ვიდეოში იტალიის პარლამენტის სესიაზე ქალი დეპუტატის გამოსვლაა ასახული. ინფორმაციის წყარო FromRome.info აცხადებს, რომ YouTube-ის ეს არხი და ვიდეო მას ეკუთვნის, ხოლო გამომსვლელი ქალი სარა კუნიალია, კონსერვატორი დეპუტატი რომის საარჩევნო ოლქიდან და ანტივაქცინაციის მოძრაობის ცნობილი აქტივისტი.

ვიდეოში პარლამენტართა უარყოფითი რეაქციის გამომხატველი ხმაური ისმის. ამ გუგუნის ფონზე კუნიალი იძულებულია, ხმას აუწიოს და ისე განაცხადოს, რომ პანდემიის და სავალდებულო ვაქცინაციის უკან გეიტსი დგას, რადგან მას მსოფლიოს დეპოპულაცია და მოსახლეობაზე დიქტატორული კონტროლის დამყარება სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუნიალის კონსპირაციული მოსაზრებები არაპოპულარულია მის კოლეგებს შორის და მის მოწოდებებს მხარს არ უჭერენ.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ RT („რაშა თუდეი“) YouTube-ზე ატვირთული ეს ვიდეო გამოიყენა სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა სათაურით „იტალიელი კანონმდებელი ბილ გეიტსის დაპატიმრებას ითხოვს ‘კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის’.. ნეტავ, რატომ?“

ბილ გეიტსის შესახებ შეთქმულების თეორიები პოპულარულია რუსეთში და მათ საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ოსკაროსანმა კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა გეიტსს საკუთარი ყოველკვირეული შოუ „ბესოგონი“ (ეგზორცისტი) მიუძღვნა. შოუ 1 მაისს რუსეთის სახელმწიფო არხზე „როსია-24“ გავიდა.

ამ 50-წუთიანი გადაცემის განმავლობაში მიხალკოვი ამტკიცებდა, რომ გეიტსი მსოფლიოს „ჩრდილოვანი მმართველია“ და ვაქცინაციის პროგრამას ამოფარებული აპირებს ადამიანებში მიკროჩიპების ჩანერგვას, რომ მათზე კონტროლი მოიპოვოს და მსოფლიოს დემოგრაფია შეცვალოს.

მოგვიანებით „როსია-24“-მა ეს გადაცემა ეთერიდან მოხსნა, მაგრამ ის მიხალკოვის YouTube არხზე კვლავ დევს და 5.5 მილიონამდე ნახვა აქვს.

მართალია, prisoners0fprogress-ის YouTube არხს მხოლოდ 3,500 გამომწერი ჰყავს, მაგრამ კუნიალის ვიდეოს 1 მილიონი ნახვა აქვს.

არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ვიდეოს პოპულარიზება ხელოვნურად ხდება.

ღია წყაროებით მოძიების ინსტრუმენტის, First Tweet-ის, თანახმად, ვიდეო „იტალიის ხელისუფლება ბილ გეიტსის დაპატიმრებას მოითხოვს“ პირველად გამოაქვეყნა ანგარიშმა Marissa Hardwick, რომელიც, @Fortepiecat პროფილის თანახმად, აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.

ანგარიშში არც პირადი ინფორმაციაა მითითებული და არც ფოტოებია ატვირთული. ადგილმდებარეობად მითითებულია „ჯორჯია, აშშ“. აშშ-ის ანგარიშებში ადგილმდებარეობის ასე იდენტიფიცირება უჩვეულოა, ვინაიდან მომხმარებლები, ჩვეულებრივ, ქალაქსა და შტატს უთითებენ.

Twitter-ის ანალიტიკური ინსტრუმენტის Twitonomy-ის თანახმად, ეს ანგარიში, როგორც წესი, აქტიურდება 04:00 საათზე UTC-ის დროით (მსოფლიო კოორდინირებული დრო). ამ დროს კი ჯორჯიის შტატში შუაღამეა.

ამ ანგარიშმა ზემოაღნიშნული ვიდეო 15 მაისს გამოაქვეყნა, მაგრამ მოგვიანებით წაშალა. თავდაპირველი პოსტი, რომლის ფოტოც ქვემოთ არის ნაჩვენები, First Tweet-ზე იძებნება.

სხვა ანგარიშებმა, რომელთა უმრავლესობაც ანონიმურია და @Fortepiecat-ის მსგავსი ქცევით ხასიათდება, ეს ვიდეო ერთმანეთისგან წუთების ინტერვალით გამოაქვეყნეს, მათ შორის ბილ გეიტსის შესახებ პოზიტიური კომენტარების პასუხად.

მათ შორის ზოგიერთმა ვიდეო ჰეშტეგით „arrest Bill Gates“ („დააპატიმრეთ ბილ გეიტსი“) გაავრცელა. ეს ჰეშტეგი პირველად 2012 წელს იქნა გამოყენებული.

ვიდეო სოციალური ქსელის Reddit ოთხ ფორუმზე დაიდო, რომელთა წევრების საერთო რაოდენობა 24 მილიონ მომხმარებელს აღემატება. Reddit-ის „მსოფლიო ამბების“ ფორუმმა ეს ვიდეო სიყალბის გამო წაშალა, მაგრამ სხვა ორ ფორუმზე ის მოწონებული იქნა.

ვიდეო კიდევ უფრო პოპულარული Facebook-ზე იყო მიუხედავად იმ მკაცრი კონტროლისა, რაც ამ სოციალურ ქსელს კოვიდ-19-ის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე აქვს დაწესებული. პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის გამო შეუძლებელია ზუსტად დადგენა, ამ ვიდეოს Facebook-ზე გავრცელება ბუნებრივად მოხდა თუ ორკესტრირებულად.

თუმცა საფრთხის მომასწავებელი ნიშნებიც ჩანს.

ვიდეო პირველად გამოაქვეყნეს და გააზიარეს საჯარო ჯგუფებმა და არა პირადმა გვერდებმა. ყველა პოსტი თითქმის ერთსა და იმავე დროს გამოჩნდა, ხოლო ყველა პირველი გამომქვეყნებელი ანონიმური მომხმარებელი იყო, რომლებსაც პროფილებში არანაირი პირადი ინფორმაცია არ ჰქონდათ მითითებული.

რაც კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო, ბილ გეიტსი სულ უფრო ხშირად ხდება აბსურდულ ბრალდებებსა და მტკიცებებზე დამყარებული შეთქმულების თეორიების სამიზნე. ეს თეორიები ფაქტების გადამოწმების საიტებმა, მათ შორის Polygraph.info-მ დეტალურად შეისწავლეს და მათი სიყალბე გამოავლინეს.

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ Poligraph-ის ვებგვერდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG