ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ამ კუთხით გამოწვევებს შეეხება, ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "ახლო მოკავშირეა".

დოკუმენტის ეს ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების იმ პირებზე გავრცელებას მოუწოდებს, რომლებიც „რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ“, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით.

„არსებული სანქციები არ მოიცავს პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და [რუსეთის] მხარდამჭერია უკრაინაში, რომელიც თავის მედია იმპერიას ქვეყანაში საზიანო რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს შეიმუშაოს ანგარიში, რომელიც კრემლთან დაკავშირებულ იმ ილიგარქებს შეისწავლის, ვინვ რუსეთის საგარეო ქმედებებს აფინანსებენ.

“სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს ანგარიში, სადაც ჩამოთვლილი იქნება კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირეების და დაქირავებული მებრძოლების მეშვეობით. მსგავსი ანგარიში დაეხმარებოდა კონგრესს განსაზღვროს მომავალი სანქციების საჭიროება და შეაკავებს ინდივიდებს და ჯგუფებს კრემლთან თანამშრომლობისგან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ კრენშოუ, ბრაიან სტეილი და მაიკლ უოლცი.

დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკვეინ მალინიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია და მისი მოკავშირეები, მათ შორის საქართველოში, შეჩერებული უნდა იქნან.

„რუსეთის აგრესია და პუტინის დამქაშები, მათ შორის საქართველოში, უნდა იქნან შეჩერებულნი. კონგრესში რესპუბლიკური სამუშაო კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რუსეთის წინააღდეგ უმკაცრეს სანციებს მოიცავს“, - განაცხადა მან.

კონგრესში, რესპუბლიკელთა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ამ დოკუმენტში საუბარია რუსეთის, ჩინეთის და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და სანქციების, როგორც შეკავების ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

სანქციები, ნათქვამია დოკუმენტში, „შეიძლება გამოყენებული იყო რუსეთის მომავალი აგრესიის შემაკავებლად და შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მზაობის გასაუმჯობესებელად“. დოკუმენტი ამბობს, რომ სანქციები უნდა დაწესდეს „რუსეთის მხრიდან უკრაინაში აგრესიის ან ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოში აგრესიის შემთხვევაში“.

რესპუბლიკელების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ასევე საუბარია, „საქართველოს მხარდაჭერის აქტზე“ , რომელიც ითვალისწინებს ქვეყნისთვის უსაფრთხოების და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით დახმარების გაწევას.

„[აქტი] მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილე არიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში“, - ამბობს დოკუმენტი. რესპუბლიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ დამტკიცებისკენ.

ამ დრომდე აქტი შეერთებული შტატების სენატს - არ განუხილია. თუმცა, ის წარმომადგენელთა პალატამ 2019 წლის ოქტომბერში ერთხმად მიიღო. კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერაა, რაშიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევა შედის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG