ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარებაა, ამერიკელები პოლიციის ძალადობას და რასიზმს აპროტესტებენ


ქ. ვაშინგტონი, 30 მაისის ღამე
ქ. ვაშინგტონი, 30 მაისის ღამე
  • მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი და მზადყოფნაშია 2 000
  • ამერიკის 40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა
  • საპროტესტო აქციებმა უქმეებზე 30-ზე მეტი დიდი ქალაქი მოიცვა
  • დემონსტრაციები ბევრგან დაპირისპირებით და ვანდალიზმით დასრულდა
  • აქციის 350 მონაწილე დააკავეს ნიუ-იორკში, ქვეყანაში - 1 400-ზე მეტი
  • დაშავებულია ათეულობით პოლიციელი

უქმეებზე ამერიკის ბევრ ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. შეერთებული შტატების მოქალაქეებს ბევრგან საღამოს და ღამის საათებში შინიდან გასვლა ეკრძალებათ. დღეისთვის საგანგებო ვითარება 20 შტატის 40-მდე ქალაქშია გამოცხადებული, სადაც რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა, თავადაც ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებს პოლიციელებიც შეუერთდნენ. "თქვენს გვერდში ყოფნა გვინდა... ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვისურვებდი, ეს იყოს აღლუმი და არა საპროტესტო აქცია" - განაცხადა შერიფმა კრის სვანსონმა მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში, ვიდრე დემონსტრანტებს შეუერთდებოდა. მის ნაბიჯს აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

იგივე მოხდა ნიუ-ჯერსის ქალაქ კემდონში, სადაც აქციას პოლიციის ოფიცერთა ჯგუფი შეუერთდა და მათ ბანერის - "დასრულდეს პოლიციის სისასტიკე" - ტარებაში ეხმარებოდა. "სანტა-კრუზის პოლიციის დეპარტამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მშვიდობიან პროტესტს" - დაწერა "ტვიტერზე" კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზის პოლიციის განყოფილებამ და აქციის წინაშე მუხლმოყრილი პოლიციელების ფოტო გამოაქვეყნა. მსგავსი ფაქტები ამერიკის არაერთ ქალაქში მოხდა.

თუმცა, იქ სადაც პოლიციას აქციების კონტროლი უჭირს, გუბერნატორებმა დასახმარებლად ეროვნული გვარდია იხმეს. გვარდიის რეზერვისტები მობილიზებულია 15 შტატში, მათ შორის მინესოტის ქალაქებში - მინეაპოლისში და სენტ-პოლში - საიდანაც კვირის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლები მთელ ამერიკას მოედო. სულ 5 000 რეზერვისტია გამოძახებული და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით 2 000 მზადყოფნაშია.

ეროვნული გვარდია აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში
ეროვნული გვარდია აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში

ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

ამერიკის რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა მაგალითად ვილმინგტონი (დელავერი) და გრინვილი (სამხრეთ კაროლინა), დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მონაწილეებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ხშირი იყო ვანდალიზმის და ძარცვის ფაქტებიც.

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, შაბათს ღამით, მათ 350 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებს წვავდნენ, მიმდებარე შენობებს აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. ქალაქში ათეულობით პოლიციელი დაშავდა.

საპროტესტო აქციები ნიუ-იორკში კვირასაც გაგრძელდა, თუმცა ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ არ აპირებს თითქმის 9-მილიონიან ქალაქში საგანგებო ვითარების გამოცხადებას. მისი თქმით, დემონსტრაციების უმეტესი ნაწილი მშვიდობიანი იყო და ძალადობა მხოლოდ რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა.

ნიუ-იორკი: აქციის მონაწილის დაკავების მომენტი
ნიუ-იორკი: აქციის მონაწილის დაკავების მომენტი

ნიუ-იორკისგან განსხვავებით, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში საგანგებო ვითარების გამოცხადება არჩია. ე.წ. ანგელოსების ქალაქში აქციის მონაწილეებმა შენობებს ცეცხლი მოუკიდეს. საგანგებო მდგომარეობაა ასევე სიეტლში, ატლანტაში, ფილადელფიაში, ცინცინატიში, პორტლანდში, დენვერში და ამერიკის ბევრ სხვა ქალაქში.

უქმეებზე არეულობა იყო ქალაქ ინდიანაპოლისშიც, სადაც აქციები პარასკევიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა. შაბათს ღამით მომხდარ სროლებში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. პოლიციის შეფმა რენდალ ტეილორმა სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ინდიანაპოლისის დატოვება სთხოვა, რადგან მისი თქმით, "ქალაქის ცენტრი ახლა უსაფრთხო არ არის".

დღეს განსაკუთრებით რთული ვითარებაა ფლოიდის დაღუპვის ადგილზე, მინეაპოლისში და მიმდებარე ქალაქ სენტ-პოლში, რომელიც მინესოტის შტატის დედაქალაქია. ამ ორ ქალაქში ვანდალიზმი და ძარცვა უკვე მე-5 დღეა გრძელდება.

ჩიკაგოს ავენიუ სენტ-პოლში
ჩიკაგოს ავენიუ სენტ-პოლში

სენტ-პოლის მერის მელვინ კარტერის თქმით, აღშფოთება და ბრაზი, რომელიც მისმა თანამოქალაქეებმა გამოხატეს, სავსებით ლეგიტიმურია. თუმცა, სამწუხაროდ ბოლო კვირაში ეს ისეთი ფორმით მოხდა, რაც "დესტრუქციული და მიუღებელია".

სენტ-პოლის მერის ინფორმაციით, მინესოტის დედაქალაქში 170-ზე მეტი მაღაზია გაქურდეს, ან დაწვეს. მაღაზიების ქსელების კორპორაცია "ტარგეტმა", ქვეყნის მასშტაბით 100-მდე პუნქტი დროებით დახურა, აქედან 30 - მინესოტის შტატში.

მინესოტაში ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ასეთი რამ იქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG