სოციალურმა ქსელმა „ტვიტერი“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას კიდევ ერთხელ დაუმატა გაფრთხილება, რომ პრეზიდენტის პოსტი ეწინააღმდეგება პლატფორმის წესებს „ძალადობის განდიდების“ თაობაზე.
ტრამპი პლატფორმის აქტიური მომხმარებელია. ის ერთი კვირაა რაც, სოციალურ ქსელთან ომშია ჩართული, რადგან „ტვიტერმა“ მის მიერ გამოქვეყნებული ორი პოსტი გადაამოწმა და მათ გაფრთხილების მესიჯი დაურთო.
პრეზიდენტი წერდა, რომ „ნულოვანი შანსია იმის, რომ ფოსტით ხმის მიცემა თაღლითობა არ აღმოჩნდეს“. ამ პოსტს პლატფორმამ თან დაურთო გართხილება „გაეცანით ფაქტებს ფოსტის ხმის მიცემაზე“.
ამ ნაბიჯის შემდეგ, პრეზიდენტმა "ტვიტერი" არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და სოციალურ ქსელებს დაემუქრა, რომ ეს ძვირი დაუჯდებათ. პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს, რომ "ტვიტერის" ქმედება სოციალური ქსელის "სარედაქციო გადაწყვეტილებაა" და პოლიტიკური აქტივიზმის ტოლფასია. საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, პრეზიდენტი სილიკონის დაბლობის ტექნოლოგიურ გიგანტებს ლიბერალურ მიკერძოებაში ადანაშაულებს.
მესამე პოსტი პლატფორმამ დღეს გამოყო, როგორც „ძალადობის განდიდების“ შემცველი. პრეზიდენტი პოსტში აცხადებდა, რომ ის მხარს უჭერდა მინესოტას გუბერნატორს შტატის ეროვნული გვარდიის მობილიზების გადაწყვეტილებაში. მინესოტაში სამი დღის განმავლობაში დემონსტრაციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღის მონაწილეები აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას გმობენ, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალის გაუმართლებელი გამოყენების შედეგად გარდაიცვალა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ასფალტზე დაწვენილ ფლოიდს თეთრკანიან პოლიციელი, დაახლოებით, 7 წუთის განმავლობაში მუხლით კისრის არეზე მთელი სხეულის წონით აწვებოდა, ფლოიდი კი ამბობდა, რომ სუნთქვა უჭრდა და ჰაერს ითხოვდა.
ტრამპმა ამ საკითხზე საკუთარი პოსტი დაწერა და თქვა, რომ თუ ამბოხი არ ჩაცხრება და ვითარება არ გაუმჯობესდება, კონტროლს ფედერალური მთავრობა აიღებს. პლატფორმის მხრიდან პოსტზე გაფრთხილების დამატება პოსტის მეორე ნაწილს მოჰყვა.
„ნებისმიერი სირთულე და ჩვენ ავიღებთ კონტროლს, თუმცა მოროდიორობას სროლა მოჰყება“, - თქვა პრეზიდენტმა.
სწორედ ეს ბოლო ნაწილი გახდა „ტვიტერის“ მიერ პრეზიდენტის პოსტზე გაფრთხილების განთავსების მიზეზი. პლატფორმამ თქვა, რომ პოსტი არ წაუშლია მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე.
ხუთშაბათს, სოციალური გიგანტის საპასუხოდ პრეზიდენტმა „ტვიტერსა“ და სხვა სოციალური მედიებს აღმასრულებელი განკარგულებით შეზღუდვები დაუწესა, რომელთა მიხედვითაც მათ ლეგალური დაცვის მექანიზმების ნაწილი მოეხსნებათ.
ეს გულისხმობს, რომ ამ დრომდე სოციალური პლატფორმები მათ საიტზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებლები არ იყვნენ და მხოლოდ ნებაყოფლობით შლიდნენ ან გაფრთხილებას ამატებენ ძალადობის შემცველ ან მათი სტანდარტების შეუსაბამო სხვა პოსტებს. ის, რომ ეს პლატფორმები პასუხს არ აგებენ მომხმარებლის პოსტებზე, ტრამპის კრიტიკოსების თქმით, ამ დრომდე სოციალურ ქსელებში სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი გარანტია იყო.
ტრამპი ამბობს, რომ თუ პლატფორმა მომხმარებელს ზღუდავს, მაშინ მათ ეს გარანტიები არ უნდა ეხებოდეთ.
Facebook Forum