შეერთებული შტატების მოსახლეობა დღეს უფრო მეტადაა იდეოლოგიურად პოლარიზებული, ვიდრე ოდესმე. ამის მიზეზი, შესაძლოა, ერთმანეთის შეხედულებების არასწორი აღქმა იყოს.
„დემოკრატები და რესპუბლიკელები გამუქებულად აღიქვამენ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც საპირისპირო პოლიტიკურ მხარეს რადიკალური შეხედულებები აქვთ“, - ამბობს დანიელ იუდკინი, კვლევითი ორგანიზაცია „მეტი საერთოს“ ასოცირებული დირექტორი. „სხვანაირად რომ ვთქვათ, მეორე მხარეს მხოლოდ ნახევარს აქვს ისეთი რადიკალური შეხედულებები, როგორც ამას რესპუბლიკელები და დემოკრატები თვლიან“, - ამბობს ის.
მაგალითად, რესპუბლიკელების 87 პროცენტი ამბობს, რომ „სათანადოდ კონტროლირებული იმიგრაცია ამერიკისთვის კარგია“. თუმცა, დემოკრატები ფიქრობენ, რომ რესპუბლიკელების მხოლოდ ნახევარი ეთანხმება ამ შეხედულებას.
ამავდროულად, რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ დემოკრატების ნახევარი თვლის, რომ „პოლიციელები ცუდი ადამიანები არიან“. რეალურად, ამ აზრს დემოკრატების მხოლოდ 15% იზიარებს.
ორგანიზაციის უკანასკნელი კვლევა აჩვენებს, რომ წარმოდგენებს შორის მსგავს აცდენას ორივე პარტიის რადიკალური ფრთები ქმნის, რადგან მათი ხმა უფრო ხმამაღალია და ეს ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ ისინი უფრო აქტიურნი არიან სოციალურ ქსელებსა და ტრადიციულ მედიაში.
„როცა ხალხი უსმენს იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი საწინააღმდეგო მხარედ მიიჩნევენ, მათ ყველაზე რადიკალური კონტინგენტის ხმა ესმით ამ ჯგუფებიდან. ამის გამო მათ სჯერათ, რომ ეს ხმები წარმოადგენს ამ ადამიანებს, ორივე მხარეზე, როცა რეალურად ბევრი დეტალი და ნიუანსები იკარგება“, - ამბობს ის.
ეს მცდარი შეხედულებები სიტუაციას ართულებს, რადგან უფრო მეტი ადამიანი იჯერებს, რომ მეორე მხარეზე სიძულვილით სავსე, ტვინგარეცხილი და უმეცარი ადამიანები არიან. ეს ნეგატიურობა ხელს უშლის განსხვავებული შეხედულების ამერიკელებს რაიმე საკითხზე ითანამშრომლონ. ისინი წინასწარ ფიქრობენ, რომ ვერ შეთანხმდებიან.
„ბევრი საკითხია, რაზეც ამერიკელები თანხმდებიან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ უნდა გვქონდეს სწორად მართული საიმიგრაციო სისტემა, რომელიც თანაგრძნობას ეფუძნება და, ამავდროულად, ეფექტურია. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რასიზმი რჩება პრობლემად ამერიკაში. ამერიკელების უმეტესობას სჯერა, რომ ქვეყანაში საშემოსავლო უთანასწორობა დიდია და რომ მდიდრებმა უფრო მეტი გადასახადი უნდა გადაიხადონ. თუმცა, ეს თანხმობის საკითხები პოლიტიკურ პროცესში იკარგება, რადგან ერთი მხარე მეორეს ხედავს როგორც მტერს“, ამბობს იუდკინი, კვლევის თანაავტორი.
ადამიანები პოლიტიკურად განსხვავებულ პირებზე იმ ინფორმაციას იღებენ, რომელიც მათ მიკერძოებულ შეხედულებებს ეთანხმება და იზიარებს. კვლევა აჩვენებს, რომ როცა კონსერვატორები და ლიბერალები ისეთ ახალ ამბებს იღებენ, რაც მათ შეხედულებებს ეწინააღმდეგება, უფრო ნაკლებად გამოთქვამენ მცდარ თუ გაზვიადებულ წარმოდგენებს მეორე მხარის შესახებ.
კვლევა ასკვნის, რომ ამერიკელები ბევრად ნაკლებად არიან დაპირისპირებულნი, ვიდრე მათ მიაჩნიათ. წარმოდგენებს შორის მსგავსი განსხვავების გადალახვა, იუდკინის თქმით, პირველ რიგში იმ რეალობის გაანალიზებით უნდა დაიწყოს, რომ მხარეები ერთმანეთს არასწორად აღიქვამენ.
Facebook Forum