ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებას რამდენიმე დღეში დაიწყებს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანი რამდენიმე დღეში ურანის გამდიდრებას უფრო მაღალ დონეზე გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერი სხვა ქვეყნები ირანს დაკისრებული სანქციების შემსუბუქებაში არ დაეხმარებიან.

ბირთვული შეთანხმების მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების პრევენცია იყო. ერთ-ერთი პირობის თანახმად, ირანს უფლება ჰქონდა ურანი 3.67%-ზე მაღალი ხარისხით არ გაემდიდრებინა და შენახული მასალის ოდენობა 300 კილოგრამზე მეტი არ ყოფილიყო.

3.67%-ით გამდიდრებული ურანი ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის საკმარისია, თუმცა, ის მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხისაა 90%-მდე გამდიდრებულ ურანთან შედარებით, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელდაა საჭირო.

როჰანიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი “რამდენიც გვინდა იმ ოდენობას” გაამდიდრებს 3.67%-ზე მაღლა. ამასთან მან აღნიშნა, რომ თეირანი არაკის წყლის რეაქტორის მშენებლობას განაახლებს. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომლის დამთავრებაზეც ირანმა 2015 წლის შეთანხმების საფუძველზე უარი თქვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეთანხმება გასულ წელს დატოვა. მას შემდეგ, ტრამპმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა რეგიონში მისი აქტივობის გამო და ბირთვული პროგრამის კუთხით, თეირანის მხრიდან დათმობების მისაღებად. სანქციების მიზანი ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე დარტყმის მიყენებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG