ირაკლი სამსონაძის "კლინიკური ქორწინების" პრემიერა ნიუ-იორკის ქართულმა თეატრმა ბრუკლინის კულტურის ცენტრში "Bam"-ში ფიშერის თეატრში გამართა. სპექტაკლის რეჟისორმა ლიკა სირელსონმა-ბახტურიძემ, რომელმაც მეუღლესთან ერთად ქართული კულტურის ცენტრი "Dancing Crane Studio" ჩამოაყალიბა, სპექტაკლში პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები მიიწვია. იმიგანტებმა დარბაზი შეავსეს და ოვაციები არ დაიშურეს . თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
"კლინიკური ქორწინების" პრემიერაზე დასწრება მართლა დასწრებაზე იყო. ბილეთების 50% გაყიდვის პირველივე დღესვე შეიძინა მაყურებელმა, ხოლო პრემიერის დღეს სხვადასხვა შტატებიდან ერთი ბილეთის შოვნის იმედით ისევ რეკავდნენ. ირაკლი სამსონაძის პიესა წარმატებული საქართველოშიც იყო, როდესაც 2010 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსის – „ახალი ქართული პიესა“ – პირველი პრემია მიიღო. ამ თარიღიდან შვიდი წლის შემდეგ პრობლემატიკა რომელიც პიესის ავტორმა წამოჭრა, ისევ აქტუალურია - უმუშევრობა, სკანდალები, ღალატი, განდიდების მანია, არაჯანსაღი ცხოვრება. პიესაზე მზადება და რეპეტიციები ნიუ-იორკის ქართულ თეატრში ექვსი თვე მიმდინარეობდა. ლიკა სირელსონი-ბახტურიძე სპექტაკლის რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. სპექტაკლზე ქორეოგრაფმა, მხატვარმა და ტექნიკურმა რეჟისორმაც იმუშავა. სპექტაკლის მონაწილე რვა მსახიობიდან მხოლოდ მათი ნახევარია პროფესიონალი. ლიკა ბახტურიძე-სირელსონი პრემიერით კმაყოფილია.
ლიკა სირელსონი-ბახტურიძე: აქაური პირობების გამო საღამოობით ვიკრიბებოდით, ყველა დაკავებულია სხვა საქმითაც. ანუ გარკვეული გეგმა შევიმუშავეთ და ამ გეგმას მივყევით. ჩავჯექით ექვს თვეში. საოცარი პიესაა, ძალიან ძლიერი და რთული, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოც. კმაყოფილი ვარ მსახიობებით. ტიპაჟები,როგორც მე ვხედავდი-ამან გამიმართლა.კარგი ჯგუფი შეიქმნა.
ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობისთვის დათო ტოპრაკაშვილისთვის ეს მესამე ქართული სპექტაკლი იყო ამერიკაში. პროფესიით მსახიობია, რუსთავის თეატრის ყოფილი მსახიობი. ის ამბობს, რომ ამ პრემიერამ ნიუ-იორკის ქართული თეატრი სხვა საფეხურზე აიყვანა. ის მეტად უფრო პროფესიონალური და დახვეწილი გახდა.
დათო ტოპრაკაშვილი: როდესაც ადამიანი მსახიობი ხარ მთელი ცხოვრება გაქვს თეატრის ნოსტალგია და სიყვარული. მითუმეტეს ამ ქვეყანაში, როცა ყველაფრის ნოსტლაგია გაქვს. მე უკვე 18 წელია აქ ვარ. და დიდ სიამოვნებას ვიღებ საერთოდ ამის საშუალება რომ მომეცა. საშუალებასთან ერთად, ჩემს როლებზე და სამყაროზე ვარ შეყვარებული.
"დაიბადა ვაჟკაცი", ასე ხუმრობდა შემოქმედებითი ჯგუფი სპექტაკლის წარმატებული პრემიერის შემდეგ.
ცუცა კაპანაძე: საოცარი სითბო და სიყვარული გამოხატა მაყურებელმა და გვითხრეს , თავი გვეგონა არა ნიუ -იორკში არამედ თბილისში და ძალიან გთხოვთ არ ვართ განებივრებული სპექტაკლებით და არ მოგვაკლოთ ეს სიხარული და ბედნიერება, რაც დღეს მივიღეთ . მსახიობისთვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს, როცა მაყურებელი ასე გეფერება.
Facebook Forum