ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანდიდატები ყურადღებას მერყევ შტატებზე ამახვილებენ


საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება, საზოგადოებრივი აზრის კვლევები კი, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ მეტოქეს, მიტ რომნის რეიტინგებს შორის უმნიშვნელო განსხვავებაზე მიუთითებს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება, საზოგადოებრივი აზრის კვლევები კი, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ მეტოქეს, მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორ მიტ რომნის რეიტინგებს შორის უმნიშვნელო განსხვავებაზე მიუთითებს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჯიმ მალონი მოგვითხრობს იმ სტრატეგიების თაობაზე, რომლებსაც კანდიდატები კამპანიის ბოლო დღეებში მიმართავენ.

მეორე საპრეზიდენტო დებატების დასრულების შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატები იმ თემებზე აკეთებენ აქცენტებს, რომელთა ხაზგასმაც კამპანიის უკანასკნელ დღეებში სურთ.

მიტ რომნიმ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური საქმიანობის კრიტიკა განაგრძო.

„ვთვლი, რომ შემიძლია ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ არსებულ მდგომარეობას,” - განაცხადა რომნიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი საშუალო ფენის ამერიკელების ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყო.

„მიმაჩნია, რომ ყველამ თავისი კუთვნილი უნდა მიიღოს, ყველამ თავისი წილი უნდა გასცეს და ერთი და იგივე წესებით იმოქმედოს, რადგან ეს სწორედ ის არის, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და როგორ ავაშენეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საშუალო ფენა,” - განმარტა პრეზიდენტმა ობამამ.

ამერიკული ყოველკვირეული გამოცემის - „ნეშენელ ჯორნალის” ანალიტიკოსის, ალექს როართის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კამპანიის მთავარ თემად რჩება.

„რომნი მართებულ ტაქტიკას მიმართავს, როდესაც პრეზიდენტს ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ დაპირებების გამო აკრიტიკებს, რომელთა შესრულების პირობაც ობამამ გაპრეზიდენტებისას დადო, თუმცა მათი შესრულება ვერ შეძლო,” - ამბობს ალექს როართი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რომნის არგუმენტები ეკონომიკური ვითარების თაობაზე განსაკუთრებულად ეფექტური პირველი საპრეზიდენტო დებატებისას იყო. მისმა გამოსვლამ რესპუბლიკელები კარგ გუნებაზე დააყენა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც მისი რეიტინგული მაჩვენებლების გაუმჯობესება განაპირობა.

თუმცა, მეორე დებატების შემდეგ, ანალიტიკოსების უმრავლესობა პრეზიდენტ ობამას უმნიშვნელო დაწინაურებაზე მიუთითებს. ბატონი ობამა გაცილებით ენერგიული ჩანდა და მისი სურვილიც - რომნის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირებოდა - აშკარა იყო.

ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, ჯულს უიტქავერი საპრეზიდენტო არჩევნებს 1956 წლიდან აშუქებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის მეორე დებატებმა, შესაძლოა, რომნის წინსვლის პროცესი შეანელოს.

„მისმა გამოსვლამ დემოკრატებს და, შესაძლოა, სხვებსაც თვითდაჯერებულობა დაუბრუნა. შესაძლოა ამან მისი პირველ დებატებში წარუმატებელი გამოსვლა სრულად არ გადაფაროს, მაგრამ ის დანამდვილებით დაუბრუნდა თამაშს. ობამას ქცევა გაცილებით მწვავე იყო. ამავდროულად, შევნიშნე, რომ რომნი ოდნავ უხეში იყო,” - განმარტავს ჟურნალისტი.

„ნეშენელ ჯორნალის” ანალიტიკოსი, ალექს როართი მოელის, რომ პრეზიდენტი ობამა შეეცდება - კამპანიის დასასრულისკენ ყურადღება ბატონ რომნიზე გაამახვილოს.

„მე შემიძლია დავიცვა ის, რაც გავაკეთე ჩემს პირველ საპრეზიდენტო ვადაში. მე შემიძლია გითხრათ, თუ რისი გაკეთება მსურს მეორე საპრეზიდენტო ვადაში. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, თუ რატომ არ უნდა გახდეს მიტ რომნი ქვეყნის პრეზიდენტი,” - ამბობს ანალიტიკოსი.

ორივე კანდიდატმა დებატები მათ მიმართ არსებული მხარდაჭერის გასამყარებლად და მერყევ ამომრჩეველთან სასაუბროდ გამოიყენა, რომელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო კლებულობს.

„ნიუ იორკ დეილი ნიუსის” ვაშინგტონის ბიუროს უფროსი და ჟურნალისტი ტომ დეფრანკი „ამერიკის ხმის” რადიო პროგრამას ეწვია სასაუბროდ.

ვფიქრობ, ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა. მერყევი ამომრჩევლების რაოდენობა, ალბათ, სულ ერთ მილიონს შეადგენს, რომლებიც ცხრა სხვადასხვა შტატს წარმოადგენენ. ამ შტატებში მართლაც დიდი კონკურენციაა,” - განმარტავს დეფრანკი.

ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ერთ-ერთი კანდიდატისკენ უკვე იხრება. ასე რომ, ობამასა და რომნის კამპანიებში ყურადღება ცხრა, ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატზე გამახვილდება, სადაც კამპანიის რამდენიმე კვირაში დასრულების ფონზე, შედეგები კვლავ გაურკვეველია.

პრეზიდენტი ობამა მხარდაჭერის მოპოვებას უმცირესობების წარმომადგენლებსა და ქალ მხარდამჭერებს შორის შეეცდება. ეს სწორედ ის ჯგუფებია, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატ კანდიდატებს უჭერენ მხარს. საზოგადოებრივი აზრის ზოგიერთ უახლეს კვლევა ქალ ამომრჩეველს შორის ბატონი ობამას მხარდაჭერის შესუსტებაზე მიუთითებს, რაც, შესაძლოა რომნის პირველ დებატებში გამოსვლით იყოს განპირობებული.

ბატონი რომნი იმედოვნებს, რომ მის რესპუბლიკელ მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ უბიძგებს და ამავდროულად გავლენას მოახდენს მერყევ ამომრჩეველზე და მათ შორის იმათზეც, ვინც ოთხი წლის წინ ობამას დაუჭირა მხარი და პრეზიდენტის ეკონომიკური საქმიანობის გამო გაწბილებულია.

ორშაბათს, 22 ოქტომბერს, კანდიდატები ფინალურ, მესამე საპრეზიდენტო დებატებში შეხვდებიან ერთმანეთს. ფლორიდაში დაგეგმილი შეხვედრის მთავარი ტემა საგარეო პოლიტიკა იქნება.
XS
SM
MD
LG