ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილი რეინჰარტის დებიუტი


ამერიკის ამომავალი პოპ-ვარსკვლავი პირველ ალბომს უშვებს

რეალითი-შოუ „ამერიქან აიდოლი“ (American Idol) შეერთებულ შტატებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემაა. ამ ხნის მანძილზე მუსიკალური კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა დაიწყო წარმატებული კარიერა. მათ შორის არიან მომღერლები კელი კლარკსონი, ქერი ანდერვუდი, ადამ ლამბერტი, სკოტ მაკგრეარი და სხვა. შემსრულებელთა რიგებს სულ ახლახან „აიდოლის“ მეათე სეზონის ფინალისტი, ჰეილი რეინჰარტიც შეუერთდა, რომლის სადებიუტო ალბომი „ლისენ აფ“ (Listen Up) ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჰეილი ამბობს, რომ კომპოზიტორებმა მას 100-მდე სიმღერა დაუწერეს და მათგან მხოლოდ 13-ის არჩევა შეძლო.

პროდიუსერებს ყოველდღე ვხვდებოდი, 3 თვის მანძილზე 30 სიმღერა ჩავწერეთ, არჩევა ცოტა გაგვიჭირდა. სტუდიაში კრებული ყველას მოეწონა. “ - ამბობს ის.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


მომღერალი აქამდე ძირითადად ჯაზის კომპოზიციებს ასრულებდა. გადაცემაში მონაწილეობის დროს, რომელსაც ამერიკაში 30-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, ის რეპერტუარს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა.

„ძალიან დიდი წნეხი და პასუხისმგებლობაა ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ჩემდა საბედნიეროდ, ცოცხალი შესრულების დიდი გამოცდილება მქონდა. მომღერლების ოჯახში გავიზარდე, ჩემი მშობლები ანსამბლში ერთად მღეროდნენ. როგორც შემსრულებელი, კლასიკური როკის, სოულის და ჯაზის ტრადიციებზე ვყალიბდებოდი. ასე მოვედი გადაცემაზე, ვცდილობდი ეს სამი მიმართულება გამეერთიანებინა. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი მქონდა“.

შეკითხვაზე, თუ რა დაამახსოვრდა ამ ხნის მანძილზე ყველაზე მეტად, ჰეილი ამბობს, რომ ახლახან მუჰამედ ალის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქვინსი ჯონსთან, ლენი კრავიცთან და სტივი ვანდერთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მისთვის დაუჯერებელი ფუფუნება იყო.

„რამდენადაც საკუთარ თავს ვიცნობ, დიდად არ შევცვლილვარ. გადაცემა მხოლოდ იმის გადმოცემაში და გაზიარებაში დამეხმარა, რაც სულში ისედაც ტრიალებდა და მაწუხებდა. მგონია, რომ ჩემი ხმა და ჩემი გზა ვიპოვე. და ეს უფრო რეტროს და მოდერნის შერწყმაა“.

იმის მიუხედავად, რომ ჰეილი რეინჰარტი გადაცემის ფინალისტებს შორის მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, მის სიმღერებს „იუ-თუბზე“ გამარჯვებულებს შორის ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს და ახალი ვიდეოკლიპების მნახველთა რიცხვმა უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG