სირიაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მეთაურის გენერალ-მაიორ რობერტ მუდის განცხადებით, ძალადობამ ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. მან ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდა.
სირიის სამთავრობო ძალები აგრძელებენ აჯანყებულთა პოზიციების დაბომბვას ქალაქ ჰომსის ზოგიერთ უბანში. პრეზიდენტ ასადის ერთგული სამხედროები დაბომბვის დროს საველე არტილერიას და ტანკებს იყენებენ. თვითმხილველთა განცხადებით ქალაქის ზოგიერთი უბანი ნანგრევებადაა ქცეული.
სამთავრობო ძალები აღნიშნული რაიონების ბლოკადას აწარმოებენ, სადაც აკრძალულია სურსათის და მედიკამენტების შეტანა. ისინი ხელს უშლიან საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ბლოკადაში მყოფი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენაში.
გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის გენერალ მუდის განცხადებით, ძალადობის ესკალაციის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ მუშაობა დროებით შეეჩერებინათ.
დამასკოში გამართულ კონფერენციაზე გენერალმა მუდმა ასე განაცხადა:“ ჩვენ გულგრილნი ვერ დავრჩებით თქვენი მდგომარეობის მიმართ და გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური დიალოგის დაწყების და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.“
ბატონი მუდის განცხადების თანახმად, ამჟამად დამკვირვებელთა მისიის მუშაობის რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ამიერიდან განსაკუთრებით საშიშ რაიონებში უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს გააგზავნიან.
ქაიროში, არაბული ლიგის თავმჯდომარის მოადგილემ აჰმედ ბენ ჰელიმ განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციის გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამას არ ჰქონდა მათ შიდა დაპირისპირებაში ჩარევის სახე.
არაბული ლიგის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ სამხედრო ძალით შეუძლებელია სირიის შიდა კონფლიქტის მოგვარება და გაერომ და არაბულმა ლიგამ ერთად უნდა იმოქმედონ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.
ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა უარყო გავრცელებული ხმები სირიის პრეზიდენტისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების გეგმების თაობაზე. მისი თქმით, დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას სირიაში.
ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართულ კონფერენციაზე სირიის ოპოზიციის ლიდერებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტ ასადთან დიალოგის დაწყებაზე, რადგან მას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. სირიის მეგობრების მორიგი შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება.