ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დახმარება უკრაინის გადარჩენისთვის სასიცოცხლოა, უთხრა კონგრესს იაპონიის პრემიერმა


იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს. ვაშინგტონი, აშშ. 11 აპრილი, 2024 წ.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს. ვაშინგტონი, აშშ. 11 აპრილი, 2024 წ.

ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, რუსეთის თავდასხმის წინაშე მყოფი უკრაინის იმედებს კოლაფსი ელის. ამან კი შესაძლოა გაათამამოს ჩინეთი და აღმოსავლეთ აზიაში ახალი კრიზისი გამოიწვიოს, - უთხრა დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კანონმდებლებს.

ფუმიო კიშიდამ 11 აპრილს შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებულ სხდომას პირველად მიმართა. იაპონიის პრემიერმა კანონმდებლებს მოუწოდა, არ დააყენონ ეჭვქვეშ ამერიკის "შეუცვლელი" როლი მსოფლის არენაზე. კიშიდას თქმით, ტრადიციული პარტნიორი ქვეყნის მხარდასაჭერად, იაპონიაც ისტორიულ სამხედრო გადაიარაღებას მიმართავს.

უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც კონგრესს ამერიკის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარუდგინა. მაგრამ, კანონპროექტს რესპუბლიკელი კანონმდებლებით კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში უკვე რამდენიმე თვეა კენჭს არ უყრიან და აყოვნებენ.

„მსურს, მივმართო იმ ამერიკელებს, რომლებიც გრძნობენ მარტოობას და გადაღლას იმის გამო, რომ საერთაშორისო წესრიგის დამცველ ერთადერთ ქვეყანას წარმოადგენენ“, - თქვა იაპონიის პრემიერმა და დასძინა: „შეერთებული შტატების ლიდერობა შეუცვლელია. მხარდაჭერის გარეშე, რამდენ ხანს გაუძლებს კოლაფსს მოსკოვის თავდასხმის პირისპირ მყოფ უკრაინელთა იმედი? შეერთებული შტატების გარეშე, რამდენი დროა დარჩენილი, ვიდრე ინდო-წყნარი ოკეანე დადგება კიდევ უფრო მკაცრი რეალობის წინაშე?"

შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებული სხდომის წინაშე მიმართვა, უცხოელი ლიდერებისთვის იშვიათობას წარმოადგენს და მხოლოდ ამერიკის უახლოესი მოკავშირეებისთვის ან მსოფლიო დონის ფიგურებისთვისაა ხელმისაწვდომი. ბოლოს მსგავსი მიმართვა ვაშინგტონში ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა გააკეთა, 2023 წლის 19 ივლისს.

კიშიდა იაპონიის მეორე პრემიერია, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. პირველი შინზო აბე იყო, რომელმაც შეერთებული შტატების კონგრესს 2015 წლის 29 აპრილს მიმართა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიოში ახლა "გადამწყვეტი მომენტი დგას", როცა დედამიწაზე თავისუფლება და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის, როცა მსოფლიო არენაზე გამოდიან ახალი ქვეყნები, რომელთაც ხელთ ეკონომიკური ძალაუფლება უპყრიათ, როცა კლიმატური ცვლილებები და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის.

კიშიდას გამოსვლა ფეხზე ადგომით და მხურვალე ოვაციებით არაერთხელ შეაწყვეტინეს. კანონმდებლებს განსაკუთრებით მოეწონათ ის ფაქტი, რომ იაპონიის პრემიერმა ბავშვობა ნიუ-იორკში გაატარა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG