ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ იმსჯელა


გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროში უკრაინის დელეგაციამ ორშაბათს, უშიშროების საბჭოს დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენები დააყენა დღის წესრიგში. საკითხი შეეხებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. უკრაინის ელჩის, ვოლოდიმირ იელჩენკოს განცხადებით „მანამ ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია და მას შემდეგაც, ამ თემის ჩაკვლა ვერ მოხდება.“

„ზოგი ფიქრობს, რომ ეს გაყინული კონფლიქტია, თუმცა ეს ასე არ არის, ჩვენ ეს გვინახავს ყირიმის მაგალითზე... რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების ინტეგრაცია და გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს ნაბიჯები, ჩვენი აზრით მოითხოვდა უშიშროების საბჭოს ყურადღებას. ჩვენ მოხარული ვართ და მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს. უშიშროების საბჭოს ნახევარზე მეტმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და ყველა დელეგაცია ერთის გარდა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ინიციატივა იყო, გაგვეკეთებინა განცხადება პრესისთვის, თუმცა ეს ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ იქნა დაბლოკილი“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა გაეროში იელჩენკომ.

სხდომის დასრულების შემდეგ პრესასთან განცხადება გააკეთა ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა. გაეროში ბრიტანეთის ელჩის, მეთიუ რაიკროფტის თქმით, ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა შეშფოთებულია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით.

„მე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთიდან და აფხაზეთში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ჩვენ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა. ამასთანავე არ ვცნობთ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს სახელის შეცვლაზე სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა მან.

ბრიტანეთის ელჩის თქმით, გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას და მისი თქმით, ისინი, ისევე როგორც ბრიტანეთი, არ აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას.

„გამომსვლელთა უმრავლესობამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ისინი არ აღიარებენ ამ რეგიონების დამოუკიდებლობას“, - თქვა მან.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოსკოვმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა განათავსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის სამხედრო სისტემას მიუერთა. ამასთანავე, ადგილი ქონდა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG