ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ახალი ბრძანებით, დროებითი სამუშაო ვიზების გაცემა გამკაცრდება


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი ახალ ბრძანებას მოაწერა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უწყებებმა უნდა გადახედონ თავიანთ პოლიტიკას H-1B ტიპის ვიზების გამოყენების თაობაზე. ამ ტიპის ვიზების გაცემის პროგრამა ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევს დროებით დაიქირაონ უცხოელი თანამშრომლები. პროგრამის კრიტიკოსების აზრით, მას ხშირად საზღვარგარეთიდან ე.წ. „იაფი მუშახელის“ შემოყვანის მიზნით იყენებენ და ამით ამერიკელ სამუშაოს მაძიებელთა ინტერესები ზიანდება.

თუმცა პროგრამის გაგრძელების მომხრეები ამბობენ, რომ ამ ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ მაღალკვალიფიციური, ტექნოლოგიური უნარების მქონე პროფესიონალები ჩამოიყვანონ შტატებში, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი სამშაბათს, ვისკონსინის შტატში სტუმრობისას მოაწერა. მისი თქმით, ეს მისი დაპირების - აღადგინოს ამერიკის ეკონომიკა - და პოლიტიკის ნაწილია.

ტრამპის ახალი პრძანებით სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი იქნებიან გადახედონ სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკას და დარწმუნდნენ, რომ არ ირღვევა წესი - „იყიდე ამერიკული“.

“ამ ბრძანებით, მე მივმართავ თითოეულ სახელმწიფო სტრუქტურას, რომ მკაცრად დაიცვან ჩვენი პოლიტიკის - „იყიდე ამერიკული“ - წესები; ასევე მაქსიმალურად შეიძინონ ამერიკაში დამზადებული პროდუქტი ყველა ფედერალური პროექტის დაგეგმვა-შესრულებისას“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპი ვისკონსინის შტატში სამუშაო იარაღების დამამზადებელ ქარხანასაც ესტუმრა და სწორედ იქ განაცხადა, რომ ამერიკის საიმიგრაციო სისტემის დარღვევები შესაძლებლობებს აძლევს დამსაქმებლებს, რომ ამერიკელი თანამშრომლები უფრო იაფიანი მუშა ხელით, უცხოელი დროებითი თანამშრომლებით ჩაანაცვლონ.

„ამერიკელი დასაქმებულები და დასაქმების მაძიებელნი დიდხანს ითხოვდნენ ჩვენგან რეფორმებს, სავიზო დარღვევების აღკვეთას. დღეს კი ესაა ჩვენი პასუხი მათთვის. იწყება პირველი ნაბიჯების გადადგმა H-1B ვიზების სისტემის ბევრჯერ გადადებული რეფორმისთვის“ - განმარტა პრეზიდენტმა.

H-1B ტიპის ვიზა სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომდ აეხმაროს დამსაქმებლებს, შტატებში ჩამოიყვანონ ის უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც მათთვის მნიშვნელოვანი და იშვიათი უნარები აქვთ, თუკი ამ უნარების მქონე კადრების პოვნა ამერიკაში რთულია.

ჰოვრდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი რონილ ჰირა, ამბობს, რომ ამ პროგრამის იდეა კარგია, თუმცა გამოყენება სხვადასხვაგვარი.

„იდეა ისაა, რომ ამით უნდა შეივსოს ქვეყანაში არსებული პროფესიონალების დანაკლისი. როცა ვერ პოულობ საჭირო უნარების მქონე კადრებს ქვეყანაში, შემდეგ გეგმავ, რომ ეს დანაკლისი უცხოელი თანამშრომლით შეავსო“, - ამბობს რონილ ჰირა, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ ეს დროებითი ზომა უნდა იყოს. ეს პროგრამა კი ნამდვილად არ ყოფილა გამოყენებული იმისთვის, რომ საუკეთესო სპეციალისტები და ყველაზე მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ჩამოსულიყვნენ შტატებში.

„ეს პროგრამა იქცა დამსაქმებლებისთვის საშუალებად, რომ ჩამოიყვანონ გაცილებით იაფი მუშახელი იმის სანაცვლოდ, რომ პირიქით, პროფესიული უნარების დანაკლისი შევსებულიყო. პროგრამა სინამდვილეში ძირს უთხრის ამერიკულ სამუშაო ძალას. ასე რომ, ამ შემთხვევაში ტრამპი აბსოლუტურად მართალია“, - მიიჩნევს ჰირა.

პროფესორი ამბობს, რომ ამ ტიპის ვიზების გაცემის გამკაცრება ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, რომელთაც რეალურად სჭირდებათ იშვიათი და გამორჩეული უნარების მქონე უხოელი სპეციალისტები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG