ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, საქართველო ინფორმაციის ზოგადი უსაფრთხოების შეთანხმებას აწერენ ხელს


დღეს დილით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინფორმაციის ზოგადი უსაფრთხოების შეთანხმებას (General Security of Information Agreement (GSOIA)) მოაწერეს ხელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვერყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საფეხურია. განცხადებაში დაზუსტებულია, რომ "ინფორმაციის ზოგადი უსაფრთხოების შეთანხმება" სადაზვერვო ინფორმაციის ორმხრივი გაცვლისათვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის
და კონტრტერორიზმის მიმართულებით შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობას აძლიერებს" და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო უწყებების თავსებადობის ამაღლებას დაეხმარება. შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას, გარდაქმნას შეიარაღებული ძალები; "ის საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს მომავალ შეთანხმებებს,"-ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ტილერსონი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შეხვდა და აშშ-საქართელოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ესაუბრა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, "აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი აღინიშნება. სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო მდივანი მიესალმა რეფორმების კუთხით საქართველოს წინსვლას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაში მიღწეული წინსვლის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა."
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აშშ-ის და ქართველი ლიდერები შეთანმხდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG