გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა სამანტა პაუერმა, მოსკოვის მისამართით გაკეთებულ ბოლო განცხადებაში თქვა, რომ რუსეთი „აშშ-ის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საფრთხეა.“
ელჩმა სამანტა პაუერმა, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, ატლანტიკურ საბჭოში სამშაბათს წარმოთქმულ სიტყვაში, მოსკოვი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „მოსკოვი აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს, წლების განმავლობაში,ერთმანეთის მიყოლებით სჩადიოდა."
სამანტა პაუერი: „რუსეთის ქმედებები ახალ მსოფლიო წესრიგს არ ქმნის. ისინი არსებულ წესრიგს არღვევს და ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ჩვენ ფაშიზმის და კომუნიზმის ძალები დავამარცხეთ, ახლა ავტორიტარიზმის და ნიჰილიზმის ძალებს ვუპირისპირდებით.“
პაუერმა ობამას ადმინისტრაციის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სადამსჯელო ქმედებების შერბილების წინააღმდეგაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს რუსეთს და წესების სხვა დამრღვევებს, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მხოლოდ გაათამამებს.
შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოება რუსეთს ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას აბრალებს, ქმედებას, რომელიც პაუერის თქმით „ყველა ამერიკელს უნდა აშფოთებდეს.“
დონალდ ტრამპის დასახელების გარეშე, მან პრეზიდენტად არჩეული, „სადაზვერვო საზოგადოების მიერ ერთხმად მიღებული და კარგად დასაბუთებული შეფასების“ ეჭვქვეშ დაყენების გამო გაკიცხა.
პაუერმა სიტყვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ იმ ცნობების უარყოფიდან რამდენიმე საათის შემდეგ წარმოთქვა, რომლითაც კრემლს პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის მოპოვება ბრალდებოდა.