საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გუშინ თბილისში ორგანიზებული კონფერენცია სამ პანელს მოიცავდა საკითხებით, რაც ქვეყნის განვითარებისთვის და პროგრესული მომავლისკენ ბიძგების უზრუნველყოფისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „რელიგია და დემოკრატია“, „პარლამენტარიზმი“, „უცხოური გავლენები დემოკრატიაზე“ – ასეთი გახლდათ დღის წესრიგი. კონფერენციაზე პირველი მომხსენებელი მასპინძლის, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას შემდეგ, ქორთნი ოსტრიანი, აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში გახლდათ, რომელსაც მოჰყვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის დავით ბაქრაძის გამოსვლა. შემდეგ კი დაიწყო ყველაზე ცხელი ნაწილი, რელიგიისა და დემოკრატიის შესახებ. მას მოდერაციას პროფესორი გია ნოდია უწევდა, მონაწილეებს შორის კი იყვნენ ეკა ჭითანავა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ფარეშიშვილი, გავითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი და ადამ ჰაგი – საგარეო პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელი, დიდი ბრიტანეთიდან.
კონფერენციაზე ეკა ჭითანავას გამოსვლას, როდესაც მან მართლმადიდებელი ეკლესია რუსული პროპაგანდის გამტარად მოიხსენია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ჩემი კრიტიკის ერთ–ერთი ხაზი იყო ის, რომ ქართლი მართლმადიდებლური ეკლესია არის დღეს რუსული პროპაგანდის ერთ–ერთი მექანიზმი. ესაა, რუსული რბილი ძალის ერთ–ერთი დასაყრდენი. რუსეთი არა მხოლოდ სამხედრო ინტერვენციას ახორციელებს, არამედ რბილი ძალის საშუალებით ცდილობს ანტი –დასავლური და ანტი–ლიბერალური დისკურსის გაძლიერებას. რაში გამოიხატება ეს? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, სასულიერო პირები თავიანთ საჯარო განცხადებებში, ქადაგებებში, ხშირად აჟღერებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც თავისი შინაარსით არის ანტი–დასავლური, ანტი–ლიბერალური, ანტი–ეკუმენური. ასეთ განცხადებებს ხშირად ვხვდებით როგორც ცაკლეული სასულიერო პირების ქადაგებებში, ასევესაქართველოს ეკლესიის პოზიციად არის ხოლმე ასეთი ანტაგონისტური განცხადებები წარმოდგენილი. საქართველოს პატრიარქი შტეფან ფულესთან ამბობს, რომ ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს, ანუ აფიქსირებს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებას. თუმცა პრაქტიკაში განსხვავებულ ქმედებებს ვხვდებით. მაგალითად, როდესაც სასულიერო პირები გამოდიან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისწინააღმდეგ. ასეთ შემთხვევებშიდასავლეთი წარმოჩნდება ხოლმე, როგორც რაღაც მანკიერი ღირებულებების გამავრცელებელი სივრცე. კონკრეტულად, არ მოსწონთსიტყვები „ლიბერალი“ და „ლიბერალური ღრებულებები“, „გენდერი“ და ითხოვენ ამ სიტყვების სახელმძღვანელო სტანდარტიდან ამოღებას. ლობიერებენ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რაც არის პირდაპირ რუსეთში მიღებული კანონების ასლი. ასეთი იყო, მაგალითად 2013–ში, როდესაც რელიგიური გრძნობების შეიურაცხყოფის წინააღმდეგ კანონმდებლობა მიიღეს რუსეთში, ანუ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონზეა საუბარი და იგივეს ცდილობდნენ საქართველოში 2013 წელს. შემდეგ, 2016 წელს უკვე სხვა ინტერეს–ჯგუფების საშუალებით მოხდა ამ კანონის ლობირება, იგივე შინაარსის ტექსტით, თუმცა მიზანი სწორედ იყო კრიტიკული აზრის ჩახშობა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.“
რელიგიისა და დემოკრატიის შესახებ დისკუსია იმდენად ცხარე გამოდგა, რომ სიტყვით გამოსვლა მოულოდნელად ისურვა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა გიორგი ზვიადაძემაც: „ადამიანი აძლევს თავს უფლებას ასეთი განცხადების (მხოლოდ წარმოიდგინეთ), თქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის რუსეთის პროპაგანდის იარაღი. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? როგორ უნდა მისცე თავს ამის თქმის უფლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის უცვალებელ რჯულს და მოძღვრებას. ის არავითარ შემთხვევაში არ არის და არ შეიძლება იყოს პროპაგანდა, პროპაგანდის იარაღი რომელიმე ეკლესიის ან რომელიმე სახელმწიფოსი. ეს იქნებოდა ის, რომ ეკლესიას თავის მოძღვრებაში მიეღო რაიმე ისეთი, რაც მიუღებელია მისი მოძღვრებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამის თქმა იმის გამო, რომ ასეთი ბრალდების მოსმენა, რა თქმა უნდა, არის ან შეგნებული მცდელობა ცილისწამების ეკლესიაზე, ანდა უმეცრების შედეგი. მე, რა თქმა უნდა, ვიხრები იმისკენ, რომ ესაა შეგნებული მცდელობა.“
გიორგი ფარეშიშვილი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს: „შეხვედრების, საუბრის სურვილი, სამწუხაროდ ნაკლებია ეკლესიასთან. პრობლემები არ უნდა დავინახოთ მხოლოდ მეორე მხარეში. პრობლემები, მე ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა ვეძებოთ ჩვენში.“
საქართველოში პოლიტიკური კურსის გამტარებელი მთავრობაა, მთავრობას კი ის პარტიებიდაკომპლექტებენ, ვისაც ამომრჩეველი ყველაზე მეტ ხმას მისცემს არჩევნებზე. მანამდე პარტიებმა საკუთარი ხედვაა და პროგრამები უნდა წარმოადგინონ. რამდენად გულწრფელი, ჯანსაღი, მომავალზე ორიენტირებული და ამავდროულად რეალისტური, კეკლუცობისგან დაწმენდილი იქნება ეს ხედვა მაშინ, როდესაც NDI–ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას არ მისცემს პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოხატავენ, ამას საპარლამენტო არჩევნების შედეგები აჩვენებს, რაც 2016 წლის 8 ოქტომბერსაა დანიშნული.