ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი მინისტრი: აშშ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობაში მხარს უჭერს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვაშინგტონში შეხვედრისას მას დაუდასტურა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში, ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს.

კლიმკინი ჟურნალისტებს სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა, რომელიც „ექსონ-მობილის“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იყო და ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი დიპლომატია.

მათი შეხვედრა იმ დროს მოხდა, როცა უკრაინაში და დასავლეთში უკრაინის მხარდამჭერებს შორის არსებობს შეშფოთება იმის გამო, რომ შესაძლოა ტრამპმა შეერთებული შტატების რუსეთისადმი მიდგომა შეარბილოს, თუ გავითვალისწინებთ მისივე გამონათქვამს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გამოკეთება სურს.

თუმცა დღემდე, ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ მხარს უჭერდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებას, რომელიც მოსკოვს 2014 წელს, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობისთვის და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დაუწესდა.

უკრაინა შეერთებული შტატების „საკვანძო პარტნიორია“

2014 წლის აპრილიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომმა 9750 სიცოცხლე შეიწირა. ამ წლის პირველ ორ თვეში, როცა დაპირისპირება უეცრად გაძლიერდა, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კლიმკინმა თქვა: „ტილერსონმა დამარწმუნა, რომ შეერთებული შტატები, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის მხარდაჭერას თანმიმდევრულად გააგრძელებს. დაადასტურა, რომ უკრაინა რეგიონში შეერთებული შტატების საკვანძო პარტნიორია და შეერთებული შტატები, უკრაინას რეფორმების გზაზეც თანმიმდევრულად დაეხმარება.“ კლიმკინმა იქვე დაამატა, რომ მოლაპარაკები, ამერიკა-უკრაინის თანამშრომლობის „საკითხების ფართო დიაპაზონსაც“მოიცავდა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ... რა შეიძლება გავაკეთოთ ვითარების შესაცვლელად, როცა რუსეთი მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს. რამდენიმე ვარიანტზე ვიმსჯელეთ. ამაზე საუბარს გავაგრძელებთ, მაგრამ მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმას, რომ შეერთებულ შტატებს, პროცესში ჩართულობის გაგრძელება სურს. მალე, დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.“

სანქციების შერბილებაზე არაფერი მიანიშნებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტილერსონმა კლიმკინს უთხრა, სანამ „აგრესია არ შეწყდება“, სანამ კიევის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტთა შორის ბრძოლის შესაწყვეტი მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულება ცხოვრებაში არ გატარდება და სანამ მოსკოვი, ყირიმს და სეპარატისტების მიერ დაკავებულ, აღმოსავლეთ უკრაინის რაიონებს კიევს არ დაუბრუნებს, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მარკ ტონერმა, უკრაინელების მიერ წარმოდგენილი „დიპლომატების საუბრის მოკლე შინაარსის“ მთავარი საკითხები დაადასტურა. მან თქვა: „მდივანმა ტილერსონმა უკრაინისადმი შეერთებული შტატების ძლიერი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ასევე დაადასტურა ჩვენი პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაზე, რომ მინსკის ხელშეკრულება ყველა მხარემ შეასრულოს, მათ შორის რუსეთმა.“

პრეს-მდივანმა დაამატა, რომ კლიმკინ-ტილერსონის საუბრის თემებში „უკრაინის საშინაო პრობლემები“ და მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებისადმი, შეერთებული შტატების „უწყვეტი ყურადღება“ შედიოდა.

რუსეთი მეამბოხეების მხარდაჭერის ფაქტს უარყოფს

რუსეთი კიევის, ნატოს, ევროკავშირის და შეერთებული შტატების ბრალდებებს უარყოფს იმის თაობაზე, რომ სეპარატისტებს იარაღით და ცოცხალი ძალით ზურგს უმაგრებს, თუმცა ასეთი დახმარების დასაბუთებული მტკიცებულებები არსებობს.

2014 წლის აპრილიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომმა 9750 სიცოცხლე შეიწირა. ამ წლის პირველ ორ თვეში, როცა დაპირისპირება უეცრად გაძლიერდა, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაეუქმებინა, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ, ტილერსონმა და შეერთებული შტატების სხვა მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმა მკაცრი პოზიცია საჯაროდ გამოხატეს და თქვეს, რომ რუსეთმა ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნოს და აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის დეესკალაცია მოახდინოს.

სამშაბათ დილით, ტრამპმა ობამა ტვიტერით იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან, სავარაუდოდ, რუსეთის ძლიერ ლიდერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, როცა უკრაინის კონფლიქტში მოსკოვის როლი გააქტიურდა.

ტრამპმა ტვიტერით ასეთი ტექსტი გაავრცელა და კონკრეტულად „ფოქსის ახალი ამბების“ ტელეპროგრამისკენ მიმართა, რომლის ყურებაც, როგორც ამბობენ, მოსწონს: „რვა წლის განმავლობაში რუსეთმა პრეზიდენტ ობამას „გადაუარა“, სულ უფრო ძლიერდებოდა, ყირიმი აიღო და რაკეტების რაოდენობა გაზარდა. სუსტი!“

მოგვიანებით, სენატის მოსმენაზე

ტილერსონთან შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სენატის საბიუჯეტო კომიტეტის მოსმენაზე კლიმკინმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანმა მას იმის ძლიერი სიგნალი მისცა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაახლოებისაკენ გადადგმული ნაბიჯების შემთხვევაში, უკრაინა სავაჭრო კოზირად არ იქცევა.

უკრაინელმა სტუმარმა სენატორებს უთხრა, რომ ეს იყო: „უკრაინის მხარდასაჭერი ძალიან ძლიერი გზავნილი და ის, რომ არანაირი დათმობა არ არის შესაძლებელი.“ მან იქვე დაამატა, რომ მისმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ტრამპთან საუბრებისას მსგავსი დასტური მიიღო.

სენატში განცხადების გაკეთებამდე, კლიმკინმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ უკრაინის პოზიცია ის არის, რომ: „რუსეთი ნდობას არ იმსახურებს და რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი და პოლიტიკური ვალდებულება დაარღვია.“

XS
SM
MD
LG