ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ღამის მგლები“ და ყოველდღიური ოკუპაცია


„ღამის მგლები“ საქართველოში აღარ შემოვლენ, რითაც განაწყენდნენ ადამიანები, ვინც მათ მასპინძლობას ჩვენს ქვეყანაში აპირებდა.

„ღამის მგლები“ რუსი ბაიკერების ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობითა და სიმპათიით სარგებლობს. მათი საქმიანობა მოტოციკლეტების სიყვარულს სცდება და პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. საქართველოში ისინი 9 მაისისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის ჯგუფურ სტუმრობას გეგმავდნენ.

ამერიკის ხმა მათ მასპინძელს, რუსულ–ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ირაკლი ყიფიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ „ღამის მგლები“ ვიზიტს კონფლიქტის ზონის სოფლებშიც გეგმავდნენ, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს იბომბებოდა: „არანაირი რუსეთის ძალისმიერი ქმედებების შედეგად არ ქცეულან ადამიანები დევნილებად. ისინი დევნილებად იქცნენ შიზოფრენიკი (ტექსტის ავთენტურობა დაცულია – ნ.დ.) მიშა სააკაშვილის მიერ მიღებული შიზოფრენიკული (ტექსტის ავთენტურობა დაცულია – ნ.დ.) გადაწყვეტილებების შემდგომ, რომელსაც ძალიან დიდ სტიმულირებას უკეთებდა ასევე შიზოფრენიკი (ტექსტის ავთენტურობა დაცულია – ნ.დ.) მაქ კეინი, რომელიც მფარველობდა მიშა სააკაშვილს. არანაირი რუსული აგრესიის გამო არ არიან ისინი დევნილები. თქვენ კითხეთ თვითონ ამ ადამიანებს, რუსეთის აგრესიის გამო არიან დევნილები? ჩვენ რომ ჩავდივართ კონფლიქტის ზონაში, ბერშუეთის სკოლაში მოსახლეობას რომ შევხვდით და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვსაუბრობდით და დევს ეს ჩანაწერები, ამ ხალხს ძალით ვალაპარაკებდით? ომის დროს ეს ხალხი ხომ იქ ცხოვრობდა? ჩაბრძანდით თქვენ თვითონ და დაელაპარაკეთ, გამოკითხეთ ობიექტურად. ეს ხალხი თვითონ ჰყვებოდა ამ ომის ამბებს“.

ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ამ რეგიონში პრორუსული განწყობა დომინანტურ პოზიციებს იკავებს და ამ განცხადებას ამყარებს იმ ფაქტების ჩამოთვლით, რასაც მისი ორგანიზაციის თაოსნობით კონფლიქტის ზონაში ჰქონდა ადგილი: „ნატო, ნატოს ძახილი საქართველოს ღუპავს და მას საქართველოსთვის არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოაქვს: ნატოც არ გვიღებს, რუსეთიც ღიზიანდება. რუსეთისთვის მთავარი პრობლემა არის ნატო. ბაიკერები უნდა შეგვეხვედრებინა ვეტერანებისთვის. კონფლიქტის ზონის სოფლებიდან: დირბიდან, ავლევიდან, კნოლევიდან, ბერშუეთიდან სკოლის მოსწავლეები ჩამოგვყავდა, ვეტერანებთანაც, ბაიკერებთან ერთად უნდა წაგვეყვანა ჩვენს მიერ შერემონტებულ მემორიალურ დაფასთან, უნდა დაგვესუფთავებინა იქ ტერიტორია. არავინ აპირებდა პუტინის პლაკატით სიარულს. ჩვენ საერთოდ არანაირი დროშით სიარულს არ ვაპირებდით, ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ უნდა აღდგეს მეგობრული ურთიერთობები ჩვენსა და რუსეთს შორის“.

სოციალურ ქსელებში „ღამის მგლების“ვიზიტის წინააღმდეგ მასობრივი კამპანია დაფიქსირდა. ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ელჩის დირექტივებს ემორჩილება, რის საილუსტრაციოდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყავს. გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ საკითხზე მხოლოდ ერთ წინადადებიანი კომენტარი გააკეთა: „არ მოდიან, დამშვიდდით“.

შსს–ს წარმომადგენელი შალვა ხუციშვილი კი აცხადებს: „საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ აქ ყოფნას არეგულირებს კანონი, რომლის საფუძველზეც მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიღებულ იქნა. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია გამოკითხოს ქვეყანაში შემომსვლელს მგზავნობის მიზანი, სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ერთ–ერთი საფუძველი ეს იყო და ამ ნორმაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული“.

ნინო ნიპარიშვილი კასპში მრავალპროფილიანი სკოლა–გიმნაზიის დირექტორის მოადგილე და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. მისი და მისი მეგობრების ინიციატივით სკოლაში ოკუპაციის მუზეუმი განთავსდა. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ კასპთან ოკუპაციის ხაზი 15 კილომეტრში გადის, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ რეალური ისტორია. თავად სკოლა საბჭოთა მილიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული, რომლის სატუსაღო და საწამებელი ოთახები ახლა სკოლის სარდაფს წარმოადგენს. მასში ოკუპაციის მუზეუმის შოურუმია განთავსებული. „ამ რამდენიმე წლის წინ სასწავლო ვიზიტით მომიწია წასვლა პოლონეთში. იქ გავეცანი ადგილობრივ გამოცდილებას, თუ როგორ ასწავლიან ისტორიას, სამოქალაქო განათლებას, საზოგადოებრვივ მეცნიერებებს. ისტორიის გაკვეთილებს ხშირად საკონცენტრაციო ბანაკებში უტარებენ მოსწავლეებს, რაც შემეცნების პროცესს გაცილებით ინტერქტუალურსა და საინტერესოს ხდის. ამის შემდგომ უფრო გამიმძაფრდა სურვილი იმისა, რომ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში მსგავსი პრაქტიკა დამემკვიდრებინა. საჯარო სკოლებს თუ არა, კერძო სკოლებს მაინც გვაქვს გარკვეული ლავირების შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით. დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. თავიდან მცირე გრანტი მოვიპოვეთ, ახლა უკვე მუზეუმი ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში.“

ნინო ნიპარიშვილი პრორუსული პოლიტიკის გამტართა მიმართგულგრილი არაა და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაც შეუვალი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში: „რატომ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში ის ადამიანები, ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს? როდესაც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ყოველდღიურად გადმოიწევა საზღვარი,ვართ დაუცველები, როდესაც ერთ დღეს ჩემი ეზო შეიძლება იყოს ჩემი, მეორე დღეს კი ის შეიძლება უკვე საზღვარს მიღმა მოყვეს, რატომ უნდა მივცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის უფლება სხვებს? ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა გამოიყენოს და მსგავსი ვიზიტები აღკვეთოს“.

„ღამის მგლები“ საქართველოში ამჯერად არ შემოვლენ და არც საბჭოთა სიმბოლიკისა და გეორგიევსკის ლენტების წარმოდგენას არ ექნება ადგილი. სამაგიეროდ ისინი ღონისძიებას სევასტიპოლში გეგმავენ, სადაც ქართველი პრორუსული ორგანიზაციებიდან 40 წარმომადგენელიც შეუერთდებათ. მათი ფრენა დღესაა დაგეგმილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG