დონალდ ტრამპის სიძის ოფიციალური სტატუსი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი იყო. ამ კვირიდან ჯარედ კუშნერის მოვალეობებს ამერიკული ინოვაციების ოფისის მართვაც დაემატა.
უძრავი ქონების მეორე თაობის ინვესტორი პრეზიდენტის შვილის, ასევე ბიზნესმენის, ივანკა ტრამპის ქმარია. მისი კაბინეტი თეთრი სახლის დასავლეთის ფლიგელში მდებარეობს. ახალი ფუნქციის შესასრულებლად, კუშნერს სამსახურში ძირითადად ბიზნეს-ლიდერები მოჰყავს. ისინი უმეტესად ისეთი ცნობილი კომპანიებიდან არიან, როგორიცაა “მაიკროსოფტი”, “ჯენერალ მოტორსი”, თუ ბანკი “გოლდმან საქსი.”
კვირის დასაწყისში თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტ ტრამპის პრესმდივანს შონ სპაისერს, მედიის წარმომადგენლების მოგერიება ამჯერად კუშნერის გამოც მოუწია. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ რამდენად კვალიფიციურია 36 წლის ინვესტორი იმ მოვალეობების შესრულებისთვის, რომელიც მას აკისრია. პრეზიდენტის მრჩევლის როლში კუშნერს მუშაობა ისეთ რთულ საკითხებზე უწევს, როგორიცაა სამშვიდობო პროცესი ახლო აღმოსავლეთში, ურთიერთობები ჩინეთთან და მექსიკასთან.
კუშნერთან დაკავშირებულ კითხვებს სპაისერმა პასუხი ირიბად გასცა. “მთავრობასთან როდესმე რეალური შეხება თუ გქონიათ, ნახავდით, თუ როგორი დრომოჭმული და ჩამორჩენილია მისი ზოგიერთი ნაწილი. ის ამერიკელ ხალხს არ ემსახურება, დეპარტამენტები დიდწილად ამომრჩევლებზე არ მუშაობენ. ამ ფონზე ის, თუ როგორ შევუწყობთ ჩვენ ხელს რიგ საკითხებს, კერძოდ, ტექნოლოგიების განვითარებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება” - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ფაქტია, რომ ამერიკის მთავრობას გამკლავება ბევრ სირთულესთან უწევს, ამაზე ბევრი მკვლევარი თანხმდება. არსებულ გამოწვევებზე საუბრობს სტივენ გოლდსმითიც, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიული მართვის და ინოვაციების ცენტრის თანამშრომელი.
მისი თქმით, “არსებობს ბიუროკრატიული, კონგრესის და ზოგადად, საკითხის სირთულის ბარიერები. მაგრამ, როცა ინოვაციების დანერგვის მცდელობა უშუალოდ მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან წამოვა, ვფიქრობ, რომ ეს იმედისმომცემია და რეალურ განსხვავებას მოგვცემს”.
იმედისმომცემია ისიც, რომ კუშნერის ოფისის ახალ მოვალეობებში შედის “სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა” და “ამერიკელთა ცხოვრების ხარისხის” გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამბობენ, რომ ის რეკომენდაციებსაც გასცემს მთავრობის იმ ფუნქციებზე, რომელთა პრივატიზებაც შესაძლებელია.
თუმცა, კითხვები მისი კვალიფიკაციის და ნეპოტიზმის შესახებ კვლავ გაუცემელი რჩება. ამასთან, ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარედ კუშნერი კონგრესში დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე გამოიძახეს, სადაც მან კანონმდებლებს პასუხი რუსეთთან ძველ კონტაქტებზე უნდა გასცეს. პრეზიდენტის სიძე კონგრესში მისვლაზე თანხმობას აცხადებს.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს. ჯერჯერობით კუშნერი ტრამპის ყველაზე ახლო კონტაქტია, რომელსაც კანონმდებლები ამ თემაზე კითხვებს დაუსვამენ. ინფორმაცია “ნიუ-იორკ თაიმსმა” გაავრცელა. გამოცემის პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთის ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში სერგეი კისლიაკს, 2 დეკემბერს ჯარედ კუშნერიც შეხვდა.
“ნიუ-იორკ თაიმსი” ფიქრობს, რომ კანონმდებლებს კუშნერის წარსულიდან სხვა კონტაქტებიც უნდა აინტერესებდეთ, კერძოდ, მისი შეხვედრები “ვნეშეკონომბანკის” ხელმძღვანელთან, რომელთა შესახებაც პრეზიდენტის სიძეს ანგარიში არ ჩაუბარებია. საუბარია რუსეთის განვითარების სახელმწიფო ბანკზე, რომელსაც 2014 წელს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, ამერიკამ სანქციები დაუწესა. პასუხად “თეთრმა სახლმა” თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებთან კუშნერის შეხვედრებში უჩვეულო არაფერია და რომ მისი როლი, როგორც საარჩევნო კამპანიაში, ასევე გარდამავალ პერიოდში, უცხოეთის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის რუსებთან შეხვედრებს რეგულარულად ითხოვდა.
შეერთებული შტატების დაზვერვა თვლის, რომ სწორედ რუსეთის მთავრობა იდგა 2016 წელს ამერიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმების მიღმა. არსებობს ეჭვი, რომ დემოკრატიული პარტიის ჯგუფებზე თავდასხმის მიზანი ტრამპის სასარგებლოდ ინფორმაციის გამოქვეყნება იყო. კრემლი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
გასულ კვირას, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის ჩარევის მცდელობას იძიებს და ცდილობს დაადგინოს, ეხმარებოდნენ თუ არა კრემლს ამ მცდელობის კოორდინირებაში პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის თანამშრომლები.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიების ობიექტებს შორის არიან საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარე პოლ მანაფორტი და დონალდ ტრამპთან დაახლოებული სხვა ნდობით აღჭურვილი პირები. აღნიშნულ სკანდალს გადაყვა მაიკლ ფლინი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელმაც პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც თეთრ სახლს რუსეთის ელჩთან გამართული საუბრის თემის შესახებ არასრული ინფორმაცია მიაწოდა.
Facebook Forum