2016 წლის დასაწყისში „ამერიკის ხმამ“ ჟურნალისტი დაკარგა. შტატგარეშე ჟურნალისტი ალმიგდად მოჯალი, "ამერიკის ხმას" სამი თვის განმავლობაში, იემენში მიმდინარე ომის ჰუმანიტარულ ასპექტზე ინფორმაციას აწვდიდა. ის საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მიერ ახლად გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოჯალი ერთ-ერთია იმ 48 ჟურნალისტს შორის, ვინც წლის განმავლობაში ან მოკლეს, ან ორმხრივი სროლის და საბრძოლო მოქმედების შუაგულში დაიღუპა, ან სულაც სახიფათო დავალების შესრულებას ემსხვერპლა.
კომიტეტის წარმომადგენელმა კორტნი რაჩმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ წინა წლებთან შედარებით, საერთო რიცხვმა იკლო, მაგრამ ამის მიზეზები მთლიანად ნათელი არ არის:
„ერთი სავარაუდო დასკვნა შესაძლოა ის იყოს, რომ ზოგიერთი კონფლიქტი ჟურნალისტებისთვის იმდენად სახიფათო გახდა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრალოდ უფრო ნაკლები ადამიანი ეწევა.“
...განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ომით გაჩანაგებულ ზონებში. დაღუპულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი სირიაში, იემენში და ერაყში მუშაობდა. მხოლოდ სირიაში, რომელიც უწყვეტად, ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება, 14 ჟურნალისტი დაიღუპა.
თუმცა ისეთ ადგილებშიც, სადაც ჟურნალისტების მკვლელობის სამიზნედ შერჩევა ნაკლებად სავარაუდოა, ცენზურის და დაშინების სხვადასხვა ფორმებს ფართოდ იყენებენ, მაგალითად თურქეთში, სადაც, კომიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ციხეში გამომწყვდეულ ჟურნალისტთა საერთო რიცხვის თითქმის ერთი მესამედია.
კორტნი რაჩი ამბობს: „ვხედავთ, რომ კონფლიქტის ზონები ჟურნალისტებისთვის სასიკვდილო საფრთხის მქონედ და საშიშად რჩება, მაგრამ ჩვენ ამ რეპრესიებსაც ვხედავთ, რომლითაც კრიტიკული ხმების ჩახშობას ცდილობენ. მათ ციხეში სვამენ, თავს ესხმიან სიტყვის უფლებას და განსაზღვრავენ თუ სოციალურ მედიაში რის თქმის უფლება აქვთ.“
ჟურნალისტიკის პროფესორი სტივ რეიმერი განმარტავს, რომ მთავრობებმა, რუსეთის მთავრობის ჩათვლით, ჟურნალისტთა ცენზურის ნაკლებად რთული გზები გამოძებნეს.
„ამ ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ რუსეთში ჟურნალისტი აღარ მოუკლავთ, მაგრამ ჟურნალისტების და კრიტიკული ხმების დასამუნჯებლად რუსეთმა იმდენი კანონი შემოიღო, რომ ადამიანების მოკვლა-ჟურნალისტების მოკვლა არ სჭირდებათ.“
კომიტეტმა დაადგინა, რომ ათიდან ცხრა მოკლული ჟურნალისტი ადგილობრივი იყო და არა უცხოელი. ეს სტატისტიკა წარსულის მონაცემების მსგავსია.
2016 წლის მკვლელობების ნახევარზე მეტი, პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის ისლამისტური შეიარაღებული ორგანიზაციების ჩადენილია.