ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმი კარტერი - უიღბლო პრეზიდენტი და ბედნიერი კაცი


ჯიმი კარტერი მედიის კითხვებს პასუხობს. კარტერის ცენტრი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ. 20 აგვისტო, 2015 წ.
ჯიმი კარტერი მედიის კითხვებს პასუხობს. კარტერის ცენტრი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ. 20 აგვისტო, 2015 წ.

„უიღბლო პრეზიდენტი და ბედნიერი კაცი“ - წერს ჯიმი კარტერზე მწერალი და ავტორი ჯეიმს ფალოუსი „ატლანტიკში“. მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი კაი ბერდი კი „ნიუ-იორკ თაიმსში“ აღნიშნავს, რომ კარტერს უმეტესად ვერ გაუგეს, სათანადოდ ვერ შეაფასეს და შესაძლოა ის ყველაზე „არასწორად აღქმული“ პრეზიდენტი იყოს ამერიკის ისტორიაში.

ჭკვიანი, განათლებული, ღრმად მორწმუნე, მუყაითი, პრინციპული, მკაცრი და შეუვალი - ასე ახასიათებენ მას თანამედროვეები. ჯიმი კარტერის ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი იგონებს, რომ „ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა მისთვის რაიმე ნაბიჯის გასამართლებლად ვინმეს ეთქვა, იყო: ეს პოლიტიკურად ყველაზე მართებული რამ იქნება“.

უზომოდ შრომისმოყვარე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი 90 წლის ასაკშიც კი გამთენიისას დგებოდა და მთელი დღე დაუღალავად შრომობდა. მეუღლე როზალინთან ერთად, ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჯორჯიის შტატის მშობლიურ ქალაქ პლეინსში გაატარა და სიცოცხლის ბოლომდე საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

ბავშვობა

ამერიკის 39-ე პრეზიდენტი 1924 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ჯორჯიის პატარა ქალაქ პლეინსში, სადაც უმეტესად ფერმერები ცხოვრობდნენ. მამა ჯეიმს ერლი კარტერი ფერმერი და ბიზნესმენი იყო, მიწის თხილის ფერმას, საწყობს და მაღაზიას მართავდა. დედა ლილიან გორდი კარტერი კი ექთანი გახლდათ. ბიოგრაფები ყვებიან, რომ ინტერესი, ფართო ჰორიზონტი და ქველმოქმედებისადმი სიყვარული ჯიმი კარტერს დედისგან გამოჰყვა. პლეინსში ძალიან უყვარდათ ლილიანი, რომელიც თავისუფალ დროს ღარიბ, აფრიკული წარმოშობის ამერიკელებს განათლებას აძლევდა და ჯანდაცვის საკითხებზე კონსულტაციებს უწევდა.

საქმე კარტერებს კარგად მისდიოდათ, მაგრამ იმ პერიოდში პატარა ქალაქის დასახლებაში სახლებში ჯერ დენი და კანალიზაცია გაყვანილი არ იყო. 30-იანი წლების ჯორჯიაში ჯიმის საყვარელი გასართობი მეზღვაური ბიძის მიერ გამოგზავნილი ფოტოები იყო, რომელიც ამერიკის საზღვაო ფლოტში მსახურობდა და ბევრს მოგზაურობდა. მისი გავლენით ჯიმიმაც მეზღვაურობა გადაწყვიტა.

ძალიან უყვარდა კითხვა და სწავლა, მაგრამ მშობლები ფიზიკურ შრომასაც ბავშვობიდან აჩვევდნენ. სკოლიდან თავისუფალ დროს ის მამას ფერმაში ეხმარებოდა, მოსავალს ტვირთავდა, ქალაქში მარტოს მიჰქონდა და ყიდდა. 13 წლის ასაკში იმდენი ფული მოაგროვა, რომ დიდი დეპრესიის დროს გაიაფებული 5 ბინა იყიდა. მამა ჯიმის შრომისმოყვარეობით და ნიჭიერებით ძალიან ამაყობდა.

ახალგაზრდობა და ადრეული კარიერა

სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. დადიოდა ჯორჯიის კოლეჯში, ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და 1946 წელს ბაკალავრიატის ხარისხი მერილენდის შტატში მდებარე, პრესტიჟული ანაპოლისის საზღვაო ძალების აკადემიიდან მიიღო. ბირთვულ წყალქვეშა ნავზე იმსახურა დალეინტენანტის წოდებამდე დაწინაურდა.

პარალელურად, სწავლა ნიუ-იორკში, იუნიონის კოლეჯში გააგრძელა, ბირთვული ფიზიკით და რეაქტორების ტექნოლოგიებით დაინტერესდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს, გადაწყვიტა სამხედრო სამსახური დატოვებინა და კარტერების ფერმისთვის მიეხედა. დაბრუნდა ჯორჯიის ქალაქ პლეინსში და მეუღლე როზალინთან ერთად, ისევ ფერმერობას მიჰყო ხელი.

ძალიან მალე ადგილობრივი ლიდერი გახდა, რაიონის მმართველ საბჭოში მსახურობდა, რომელიც განათლებას, ჯანდაცვას და ბევრ სხვა სფეროს კურირებდა. 1962 წელს ჯორჯიის შტატის სენატორი გახდა. 1966 წელს ჯორჯიის გუბერნატორის არჩევნები წააგო, მაგრამ 1971-ში გაიმარჯვა და შემდეგ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი გახდა. 1974 წელს შეერთებული შტატების დემოკრატთა ეროვნულ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში და მისი თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

ოჯახი

ჯიმი კარტერმა 1946 წელს იქორწინა როზალინ სმითზე, რომელიც ასევე ქალაქ პლეინსიდან იყო. როზალინი 1954 წელს თავისი დისგან გაიცნო. მომხიბლავი გოგონა მასზე 3 წლით უმცროსი იყო და ახალგაზრდა ჯიმის, რომელიც მაშინ უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, ის ძლიერ შეუყვარდა.

როცა როზალინს პირველად ხელი თხოვა, უარი მიიღო. მეორედ ჯიმი უფრო იღბლიანი გამოდგა. ქორწინების შემდეგ ისინი ვირჯინიის ქალაქ ნორფოლკში გადავიდნენ, სადაც ჯიმი საზღვაო ფლოტში მსახურობდა. მოგვიანებით მათ სამი ბიჭი და ერთი გოგო შეეძინათ.

როზალინი არ მუშაობდა, 4 შვილის გაზრდით იყო დაკავებული. როცა მისმა მეუღლემ 1962 წელს პოლიტიკაში შეაბიჯა, მაშინვე ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში და ქმრის გუნდის აქტიური წევრი გახდა.

პრეზიდენტად არჩევა

დემოკრატ ჯიმი კარტერს თანაპარტიელებთან შედარებითაც კი, იმ დროისთვის გაცილებით მოწინავე შეხედულებები ჰქონდა. როცა ჯორჯიის შტატის სენატორად იყრიდა კენჭს, მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი პლატფორმა სკოლებში რასობრივი სეგრეგაციის დასრულება იყო.

გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალე გახდა ამერიკის პრეზიდენტი. 1974 წლის დეკემბერს გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის მიღება სურდა. ეს ის პერიოდია, როცა უოტერგეიტის სკანდალი ახალი მომხდარია და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს პოზიციები შედარებით შერყეული აქვთ.

1976-ში დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე პარტიის ნომინაცია მოიპოვა და იმავე წლის 2 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაამარცხა რესპუბლიკელი ოპონენტი, პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი. არჩევისას მან ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევებით ჩაიბარა: ენერგოკრიზისით, საბჭოთა კავშირის და ირანის მხრიდან მზარდი აგრესიით და მოსახლეობის მხრიდან მთავრობისადმი დაკარგული ნდობის ფონზე.

ჯიმი კარტერმა პრეზიდენტის პოსტზე ერთი ვადით იმსახურა, 1977 წლის 20 იანვრიდან 1981 წლის 20 იანვრამდე. 1980 წელს საპრეზიდენტო არჩევნები წააგო რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან.

მიღწევები და ჩავარდნები

საგარეო პოლიტიკაში პრეზიდენტ კარტერის მიღწევებად ითვლება: პანამის არხის ხელშეკრულება; კემპ-დევიდის შეთანხმების სახელით ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელს და ეგვიპტეს შორის; სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება (SALT II) საბჭოთა კავშირთან; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის დამკვიდრება.

საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტ კარტერის მიღწევებად თვლიან ენერგოსექტორის და საიმიგრაციო რეფორმებს; განათლების და ენერგეტიკის დეპარტამენტის შექმნას; რამდენიმე სექტორის დერეგულაციას, მათ შორის - საფინანსო, სატრანსპორტო (ავიაციის), კომუნიკაციების და განათლების; ასევე - გარემოს დაცვის და განათლების საეტაპო საკანონმდებლო აქტებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალასკის მიწების დაცვის ეროვნულ აქტს. ის იყო პირველი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, რომელმაც გადაწყვიტა ინვესტირება მზის ბატარეებში და დაიწყო საუბარი კლიმატურ ცვლილებებზე.

რაც შეეხება პრეზიდენტ კარტერის მართვის სუსტ მხარეებს, ბიოგრაფები სხვა საკითხებთან ერთად, გამოყოფენ ამერიკის დასუსტებულ ეკონომიკას, მზარდ ინფლაციას და უმუშევრობას, ვაშინგტონში გამეფებულ უკონტროლო ბიუროკრატიას, კარტერის არათანმიმდევრულობას (მაგალითად, ის ენერგოსექტორში ცენტრალიზაციას ემხრობოდა, განათლებაში კი დეცენტრალიზაციას).

მისი პრეზიდენტობის წლებში მოხდა რამდენიმე საერთაშორისო კრიზისი, რომელთა სუსტი მართვის გამო, კარტერი ამერიკაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ირანელების მიერ 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში მდებარე ამერიკის საელჩოს შტურმი და თანამშრომლების მძევლად აყვანის ფაქტი, რომელიც 444 დღე გაგრძელდა. 1980 წლის 24 აპრილს, კრახით და მსხვერპლით დასრულდა პრეზიდენტ კარტერის განკარგულებით დაწყებული, ირანში ამერიკელ მძევალთა გამოხსნის ოპერაცია სახელწოდებით „არწივის ბრჭყალი“.

იმავე წელს მოხდა საწვავის კრიზისი. ამას გარდა, ამერიკის 39-ე პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებენ 1979 წლის თებერვალში რუსეთის ავღანეთში შეჭრაზე სუსტი რეაგირებისთვის.

პრეზიდენტობის შემდგომი წლები

ამერიკის პრეზიდენტების ნაწილი პოსტის დატოვების შემდეგ, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია უმცროსი ჯორჯ ბუში, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ აქტიურობს და საჯაროდ იშვიათად ჩნდება. სრულიად საპირისპირო გზა აირჩია ჯიმი კარტერმა. მისი კრიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ის გაცილებით წარმატებული გახდა პრეზიდენტობის შემდეგ, ვიდრე თეთრ სახლში ყოფნისას იყო.

საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, კარტერი ჯორჯიის შტატში დაბრუნდა და 1982 წელს ემორის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ამის შემდეგ დააფუძნა კარტერის ცენტრი - არასამთავრობო და არაპარტიული ორგანიზაცია, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრით იყო დაკავებული. ცენტრმა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანა საერთაშორისო და ადგილობრივი კრიზისების დაძლევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რეზოლუციებში, ჯანდაცვის, სიღარიბის და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის დაძლევის საკითხებში.

ჯიმი კარტერი ცნობილია, როგორც დაუღალავი მშვიდობისმყოფელი, უფლებადამცველი, ჰუმანიტარი და აქტივისტი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან მოხალისეობას და მასწავლებლობას მიუძღვნა, დაწერა 30-ზე მეტი წიგნი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამართლიანობის, ადამიანის განუყოფელი უფლებების დაცვას ცდილობდა.

სამშვიდობო საქმიანობისთვის, ასევე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაწინაურებისთვის, კარტერმა 2002 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. ეს მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან 21 წლის შემდეგ მოხდა. ჯიმი კარტერს ნობელის პრემია გადაეცა „საერთაშორისო კონფლიქტებში ათწლეულების მანძილზე მშვიდობიანი გადაწყვეტილებების დაუღალავად ძებნისთვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაწინაურებისთვის, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ - ნათქვამია ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG