ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ექიმები კიბოს მკურნალობის ინოვატორულ მეთოდზე მუშაობენ


ოქტომბრის დასაწყისში კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა ექიმებმა კიბოს მკურნალობის ინოვატორული მეთოდი წარმოადგინეს. გამოგონების ავტორები არიან კანადაში მცხოვრები ბესიკ სურგულაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კორპორაცია “ფარმა კანადას” დირექტორი და თამარ ცქიტიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და “ფარმა კანადას” წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

სამეცნიერო ჯგუფი დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდის შემუშავებაზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს. მათთან ერთად კვლევებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ რაიერსონის უნივერსიტეტი (კანადა), მორფოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო) და ორგანიზაცია “ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერი” (გერმანია).

ბესიკ სურგულაძის განმარტებით, რომელსაც “ამერიკის ხმა” კანადაში დავუკავშირდა, საგანგებოდ ამ მეთოდისთვის შემუშავდა ინოვაციური დამიზნებითი ჰიპერთერმიის აპარატი და პრეპარატი/მარკერი, რომელიც მაგნეტიტის ნანო-ნაწილაკების ბაზაზე შეიქმნა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მეთოდის კლინიკურ დანერგვაზე ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტში და საქართველოში, კიბოს კვლევის ცენტრში. ბესიკ სურგულაძე იმედოვნებს, რომ ინოვატორული მეთოდის კლინიკური აპრობაცია უახლოეს თვეებში განხორციელდება.

კითხვაზე, თუ რა გვერდითი მოვლენები აქვს მათ მიერ შექმნილ პრეპარატს, ბესიკ სურგულაძე ამბობს: პრეპარატს არ გააჩნია გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იმდენად, რამდენადაც ის ორგანიზმში არ შედის რეაქციაში არცერთ ორგანულ ნივთიერებასთან და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. მისი თერაპიული ეფექტი ემყარება მის ფიზიკურ და არა ქიმიურ თვისებებს... მორფოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ თვითონ ტემპერატურული ეფექტი ნაწილაკიდან მხოლოდ ნახევარ მილიმეტრზე ვრცელდება, რაც იძლევა მისი მკვეთრად ლოკალიზაციის საშუალებას და არ მოქმედებს ჯანსაღ ქსოვილზე.

“ამერიკის ხმა” ასევე ესაუბრა თბილისში პროფესორ რემა ღვამიჩავას, ონკოლოგს, რომელიც ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებას და არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. პროფესორი ღვამიჩავა ამბობს, რომ მისი დაკვირვებითაც მეთოდი უსაფრთხოა და ამასთან რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: პირველ რიგში, პრეპარატი არ არის რადიოაქტიური. გარდა ამისა, იძლევა გაცილებით უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რაც გამოცდილი ონკოლოგის თქმით, მკურნალობის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას ქმნის.

რაც შეეხება მკურნალობას: ამ მაგნეტიტის ნანო-ნაწილაკებს, აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება: სპეციალურად შერჩეული პარამეტრების მქონე ელექტრო-მაგნიტურ ველში მოხვედრისას, ნანო-ნაწილაკები ილექებიან მხოლოდ ლიმფურ კვანძებში. ისინი იწყებენ თვითგახურებას... შესაბამისად, როცა ჩვენ ლოკალურად ვაღწევთ მაღალ ჰიპერთერმიას, ჩვეულებრივი, მარტივი, გასაგები ცილის ბუნებიდან გამომდინარე, ეს უბანი განიცდის ნეკროზს, ანუ თვითლიკვიდაციას- ამბობს ონკოლოგი რემა ღვამიჩავა. მისი თქმით, ამ ტიპის თერაპია არ გამორიცხავს კიბოს მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს. შესაძლებელია მისი დანერგვა როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის პარალელურად, რაც ამ მეთოდების ეფექტურობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ქართველი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის მეთოდი წარმატებული იქნება, ვინაიდან იძლევა როგორც მოსაზღვრე, ასევე სხვა სავარაუდოდ დაზიანებული ლიმფური ჯირკვლების ოპერაციამდელი ლოკალიზაციის, ოპერაციის მსველობის დროს ამ უკანასკნელთა გამოვლენის და მათი ატრამვული ამოკვეთის საშუალებას; ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში დარჩენილ ლოკალურ მიკროლიმფურ ჯირკვლებზე დამიზნებითი თერმული ზემოქმედების საშუალებას. საბოლოო ჯამში, შეამცირდება ოპერაციის ხანგრძლივობაც, გართულებების რაოდენობა და მეორადი მეტასტაზირების ალბათობა.

ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაში გამომგონებლებთან ერთად მონაწილეობას რამდენიმე ქართველი მეცნიერი და გამოცდილი ონკოლოგი იღებდა. მათ შორის იყვნენ: პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავის და კისრის კიბოს დეპარტამენტის და კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; გიორგი ლოლაძე, კიბოს კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი; ქირურგი-ონკოლოგი თინათინ დუნდუა და ელენე ხვედელიძე, კიბოს კვლევის ცენტრის დეპარტამენტის კრიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

საქართველოდან ასევე მიწვეული იყვნენ, მაგრამ ვიზებზე უარის თქმის გამო კანადაში ვერ ჩავიდნენ: ქირურგი გიორგი ძაგნიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მამოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრზიდენტი; პროფესორი რემა ღვამიჩავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის) დირექტორი სამედიცინო დარგში, საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ხელმძღვანელი, ჟურნალ "კლინიკური ონკოლოგიის" მთავარი რედაქტორი და ალექსანდრე ცალუღელაშვილი, უნივერსიტეტის "ახალი ხედვა" საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG