ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილი: "ამერიკა ევროპული კავშირების ერთგული რჩება"


გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ სამშაბათს უსაფრთხოების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა ევროპული კავშირების ერთგული რჩება.

„ის, რომ ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვები არსებობს, არ ნიშნავს, რომ შტატები ევროპული კავშირების მიმართ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, - ამბობს ნიკი ჰეილი. მისივე თქმით, ნატო „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია“ და ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ კავშირის ფუნქციონირება კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

გაეროში ამერიკის ელჩის კომენტარს წინ უძღოდა ორშაბათს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიერ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას გაკეთებული მსგავსი განცხადება, რომელმაც ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ფისკალური ვალდებულებების სამართლიანი გადანაწილებისკენ მოუწოდა.

„მაშინ, როდესაც ამერიკა თავდაცვაზე დანახარჯების გაზრდას გეგმავს, სხვა სახელმწიფოებმა მათი ვალდებულებები პატიოსნად უნდა შეასრულონ და ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2 % თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას დაუთმონ“, - განაცხადა პენსმა.

„ამერიკა თავის ნაწილს შეასრულებს“ - თქვა პენსმა და დასძინა, რომ იმ 23 ქვეყნის მხრიდან, რომლებიც ალიანსის წინაშე თავიანთ ფისკალურ ვალდებულებებს არ ასრულებენ „ახლა მოქმედების დროა და არა ლაპარაკის“. სტოლტენბერგი ვალდებულებების თანაბრად გადანაწილების მოთხოვნას სამართლიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით „ალიანსი წინ მიიწევს“.

ტრამპის ადრეული განცხადებებიდან ერთ-ერთში ის ამბობდა, რომ შტატებმა შესაძლოა არ დაიცვას ნატოს იმ მოკავშირეების უსაფრთხოება, რომლებიც თავდაცვაში თავიანთ წილს სრულად არ იხდიან.

ჰეილიმ კი თქვა, რომ სჯერა, ამერიკას შეუძლია უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ რუსეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა „ვერ მოხდება ევროპელი მეგობრებისა და მოკავშირეების ხარჯზე“.

„სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ მცდელობას, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ყირიმის ოკუპაცია დაასრულოს. ამერიკა და ევროკავშირი ინარჩუნებენ ერთიან მიდგომას: გააგრძელონ სანქციები მანამ, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ სცემს პატივს“.

2015 წელს მინსკში მხარეები; უკრაინა, რუსეთი და სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს, შეთანხმდნენ, რომ კრიზისის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ ეს რეგიონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანით უნდა დაწყებულიყო.

პასპორტები

ამერიკის ელჩმა გაეროში რუსეთი სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გამოცემული პასპორტების აღიარების გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში მშვიდობის დამყარების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა.

მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ისაუბრა. ოფიციალური მოსკოვი კი ამ ნაბიჯს „ჰუმანიტარული მიზნებით“ ხსნის და ამბობს, რომ ამით ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებში დარჩენილ მოსახლეობას ეხმარება. ეს მოსახლეობა კი უკრიანული ბლოკადის გამო უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება. თუმცა უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს არალეგალური, არალეგიტიმური საბუთებისა და პასპორტების აღიარებაა და ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებას არათუ არ ასრულებს, არამედ ხელსაც უშლის.

„უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება რთული გახდეს ამბოხებულთა კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში მოსახლეობისთვის მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პასპორტების აღიარების მოტივებზე სუაბრისას.

რუსეთის ეს ქმედება დაგმეს უკრაინაში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმაც.

არალეგიტიმური დოკუმენტები

სამშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ამერიკა გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა დოკუმენტების აღიარებას.

„ეს ქმედება ძირს უთხრის აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას“, - ამბობს ის, „ამერიკა ელოდება რუსეთისგან, რომ ის პატივს სცემს მინსკის ხელშეკრულებას და უკრაინაში ძალადობის შეწყვეტისა და პროცესების დეესკალაცისთვის იმუშავებს“.

უკრაინის სამხედრო ძალები 2014 წლის მერე ებრძვიან რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. კონფლიქტმა 9 800 ადამიანზე მეტი შეიწირა. მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები კი ორივე მხარემ არაერთხელ დაარღვია.

XS
SM
MD
LG