ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იოსებ ოსორაული - აფრიკის კონტინენტის ქართველი ტყვე


პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის MI-24 კონგოში ავიაკატასტროფის შემდეგ
პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის MI-24 კონგოში ავიაკატასტროფის შემდეგ

დღეს ზუსტად ერთი თვე შესრულდა, რაც ქართველი სამხედრო მფრინავი იოსებ ოსორაული, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდა. 2017 წლის 27 იანვარს, კდრ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ვირუნგას მთათა მასივში, ჩამქრალი ვულკანების - კარისიმბსა და მიკენოს შორის ერთბაშად ორი საბრძოლო MI-24 დაკარგეს.

MI-24-ის კატასტროფის ადგილზე ოსორაული ტყვედ ჩავარდა
MI-24-ის კატასტროფის ადგილზე ოსორაული ტყვედ ჩავარდა

ერთ MI-24-ს საქართველოს შეირაღებული ძალების ყოფილი მფრინავები: თადარიგის პოლკოვნიკი, 41 წლის იოსებ ოსორაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ. მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი კი ბელორუსიის მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული.

ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის, ერთმანეთისგან დაახლოებით, 500 მეტრის მოშორებით, რა გახდა ორი MI-24-ის ჩამოვარდნის მიზეზი. კონგოდან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება: ერთი ვერსიით, ორივე MI-24-მა ძლიერი ქარის გამო განიცადა კატასტროფა, მეორე ვერსიით კი ვერტმფრენები, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლესს „სტრელა-2M“-ით იქნენ ჩამოგდებულნი.

ამ დროისთვის, დადასტურებულად ცნობილია, რომ კონგოელმა სამხედროებმა, ბელორუსებთან ერთად, დაშავებული ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მალევე აღმოაჩინეს, ქალაქ გომის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავიაკატასტროფას გადაურჩა
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავიაკატასტროფას გადაურჩა

ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე. სამი შვილის მამა, პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული კი „23 მარტის მოძრაობის“ (M23) მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.

სამხედრო ბლოგერის დავით ნემსაძის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილ ოსორაულს მეამბოხეებმა სახლში დარეკვის უფლება მისცეს, ისინი ხან დიდ გამოსასყიდს ითხოვენ, ხან კი დემოკრატიული კონგოს ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ.

ვიცი, რომ პოლკოვნიკ ოსორაულს საქართველოში დარეკვის საშუალება ორჯერ ჯერ მისცეს. მეამბოხეები ხშირად ცვლიან მოთხოვნებს: ხან მილიონ დოლარს ითხოვენ, ხან ციხეებიდან 200 მათი მომხრის გათავისუფლებას, ხანაც ქვოტას კონგოს პარლამენტში“
დავით ნემსაძე, სამხედრო ბლოგერი

„უმაღლესი კლასის მფრინავია, 3500 მეტრიდან მან ისე დასვა დაზიანებული MI-24 მიწაზე, რომ პირადი შემადგენლობა გადარჩა. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ვიცი, რომ პოლკოვნიკ ოსორაულს საქართველოში დარეკვის საშუალება 2-ჯერ მისცეს. მეამბოხეები ხშირად ცვლიან მოთხოვნებს: ხან მილიონ დოლარს ითხოვენ, ხან ციხეებიდან 200 მათი მომხრის გათავისუფლებას, ხანაც ქვოტას კონგოს პარლამენტში.“

ოსორაულიც და პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან. 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ განახორციელა პირველი საბრძოლო გაფრენა ცხინვალი-ჯავის მიმართულებით. 11 აგვისტოს კი ოსორაულმა, რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი, ღამის დაბომბვით, უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.

იოსებ ოსორაული(მარცხნივ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს
იოსებ ოსორაული(მარცხნივ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს

პოლკოვნიკი ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს,სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა.

2010 წლის ოქტომბერში, ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კიდევ ხუთ ქართველი მფრინავთან ერთად „ენვერის“ გახმაურებული სპეცოპარაციის ფარგლებში აიყვანეს და ბრალად „რუსეთის ჯაშუშობა“ წაუყენეს. მაშინ ერთი მფრინავი „აღიარების სანაცვლოდ“ საპროცესოთი გაუშვეს, დანარჩენებიდან ვინ ბრალი არ აღიარა, ოთხ მფრინავს - 11 წელი, პლუჟნიკოვს კი 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

ყველა მფრინავი, მათ შორის, პლუჟნიკოვი 2013 წლის 13 იანვარს, ამნისტიის შედეგად, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მალევე ისიც სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა.

ვიაჩესლავ პლუჟნიკოვმა "ენვერის" საქმეზე ბრალი არ აღიარა
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვმა "ენვერის" საქმეზე ბრალი არ აღიარა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა. თანამებრძოლების თქმით, ოსორაულმა საკუთარი ადგილი ქართულ არმიაში ვეღარ ნახა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ზემო ალვანში მცხოვრებმა ოსორაულების ოჯახმა გვიან გაახმაურა იოსებ ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის ამბავი, იმ იმედით, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მის დახსნას მოახერხებდა.

ოფიციალურმა კინშასამ კი მხოლოდ 22 თებერვალს დაადასტურა მფრინავ ოსორაულის დატყვევების ფაქტი. როგორც სამხეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი ამბობს, ამჟამად ქართველი დიპლომატები კინშასასთან მუდმივ კავშირზე არიან.

ვაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად. რაც შეეხება გამოსასყიდს, ჩვენ რაც გავარკვიეთ დიპლომატიური არხებით, ეს თემა არ ფიგურირებს.“
ბექა დვალი, საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში

„ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად. რაც შეეხება გამოსასყიდს, რაც გავარკვიეთ დიპლომატიური არხებით, ეს თემა არ ფიგურირებს. ვიცით, რომ ტყვედ ჩავარდნილი მფრინავი არის ჯანმრთელად.“

ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 18 წლის წინ გამოჩდნენ. 1999-2000 წლებში, თბილისის საავიაციო ქარხანამ, კინშასას 6 მილიონ დოლარად, 10 ერთეული ავიაგამანადგურებელი SU-25K მიჰყიდა და ქართველი სპეციალისტებიც მიავლინა. იქ მაშინ სულ ახალი დასრულებული იყო კონგოს პირველი ომი (1996-1997), რომელსაც 25 ათასი ადამიანი შეეწირა.

მას შემდეგ, დემოკრატიულმა კონგომ (ყოფილმა ზაირმა) დიდ აფრიკულ ომად წოდებული, კონგოს მეორე ომი(1998-2002) გადაიტანა, რომელშიც ათი აფრიკული სახელმწიფო იყო ჩართული და 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ასევე კივუს კონფლიქტი (2004-2013), უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფით, რომელიც 2,5 მილიონ ადამიანს შეეხო. ამ კონფლიქტში დემოკრატიული კონგოს შეიარაღებულ ძალებს, მეზობელი ქვეყნების: რუანდისა და უგანდის აქტიური მხარდაჭერით. კონგოს არმიიდან გაქცეული დეზერტირების დაჯგუფება - „23 მარტის მოძრაობა“ (M23) ებრძოდა, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში კაპიტულაცია გამოაცხადა.

კონგოელი სამხედრო მფრინავები და მათი ქართველი ინსტრუქტორები
კონგოელი სამხედრო მფრინავები და მათი ქართველი ინსტრუქტორები

დღეს კინშასაში მიაჩნიათ, რომ 2017 წლის იანვრის ბოლოს, რუანდისა და უგანდის საზღვართან ახლოს, ორი საბრძოლო MI-24-ის ჩამოგდებით, „23 მარტის მოძრაობამ“ ომი განაახლა.

ალვანელი იოსებ ოსურაული ამჟამად სწორედ M23-ი დაჯგუფების წევრებს ჰყავთ დატყვევებული. დემოკრატიული კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში კი კიდევ, საქართველოს 30-მდე მოქალაქე მსახურობს.

XS
SM
MD
LG