ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ინოვატორები პალო-ალტოში დაფინანსების საძიებლად


ბორის კიკნაძე
ბორის კიკნაძე

პალო-ალტო, კალიფორნია-

ბორის კიკნაძე pawwwn-ის აღმასრულებელი ოფიცერია. ის კალიფორნიაში ინვესტორთა დასაინტერესებლად ჩავიდა. მისი პრეზენტაცია ათწუთიანი უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა ბიზნესმენმა სხარტად ჩამოაყალიბა ბიზნეს-იდეა ონლაინ-გადახდების მენეჯმენტის შესახებ, რომელმაც ლომბარდის მფლობელებსა და მათ კლიენტებს ტრანზაქციები უნდა გაუადვილოს. ბორისის თქმით, ამ სფეროს მთავარი თავსატეხი გადახდების მენეჯმენტის სისტემაა, მისი ფირმა კი ამ პრობლემას მოხსნის.

სან-ფრანცისკოში ჩასვლამდე, თვეების განმავლობაში, ბორისი და მისი თანადამფუძნებელი ამ იდეას საქართველოში ავითარებდნენ. გასული წლის მარტში კომპანიის დაარსების შემდეგ, მას ოცამდე კლიენტი გამოუჩნდა. ამ სფეროში საქართველოში ათას ორასამდე, ამერიკაში კი თოთხმეტი ათასი კომპანია მუშაობს. რა გასაკვირია, რომ ბორისი ბიზნესის გავითარების რეალურ შესაძლებლობას ხედავს. მას მილიონი დოლარი სჭირდება, რისი მოძიების შემდეგ ის აშშ-შიც შეუდგება საქმიანობას.

კონკურენცია ინვესტორთა მოსაძიებლად

კიკნაძე სტარტაპ-საქართველოს წევრია. ამ პროექტს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს. სააგენტო ამერიკელ ექსპერტებსა და ინვესტორებს საქართველოს სტარტაპებთან აკავშირებს. აღნიშნულმა უწყებამ საქართველოს ორასორმოცდაათზე მეტ მეწარმეს კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. ორმოცდაათმა მეწარმემ ტრეინინგი თბილისში გაიარა. ოცმა მეწარმემ სახელმწიფოს დაფინანსებით ამერიკელ ექსპერტებთან სამთვიან ვიდეო-ტრეინინგებში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს, აშშ-ში გამოსამგზავრებლად და ინვესტორებთან შესახვედრად რვა ქართველი ინოვატორი შეირჩა.

საქართველოს ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ "ამერიკის ხმას" უთხრა: "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, რვა ქართული სტარტაპი პალო- ალტოს პირველად ეწვია. მათ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი პროექტები ფინანსურ ორგანიზაციებსა და ფონდებს გააცნონ. თავის მხრივ, საელჩომ სილიკონის დაბლობზე მოქმედ კომპანიებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია."

საქართველო, ესტონეთისა და ისრაელის მსგავსად, მზარდ ტექნოლოგიურ ჰაბებზე აკეთებს გათვლას, ამბობს Global Vision-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მარკ ივანოვსკი.

ივანოვსკის თქმით, ამერიკელი ინვესტორები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენენ აშშ-ის გარეთ არსებული ჰაბების მიმართ. ეს ღონისძიება კი მათთვის შესაძლებლობაა, უფრო მეტი შეიტყონ უცხო ქვეყნების შესახებ, სადაც შრომის ანაზღაურება ნაკლებია. ივანოვსკი უცხოურ კომპანიებს ურჩევს, ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად აშშ-ში დარეგისტრირდნენ და ოფისი გახსნან.

პალო-ალტოს გამოცდილება

გასული კვირის განმავლობაში, ქართველი ინოვატორები სილიკონის დაბლობზე იმყოფებოდნენ. მათ მოისმინეს იურისტთა ლექციები, თუ როგორაა დაცული ინტელექტუალური საკუთრება; შეხვდნენ ინვესტორებს, რომლებიც მათი კომპანიების მსგავს სტარტაპებს აფინანსებენ.

“თუ ინვესტორი ამბობს, რომ იდეა მოსწონს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს," - ამბობს კომპანია Venrock-ის მმართველი პარტნიორი სტივ გოლდბერგი. ის ისეთ რისკიან ბიზნესებში დებს ფულს, რომელთაც ჩვეულებრივი ბანკი არ დააფინანსებდა.

“გაიგეთ, რა უნდა ინვესტორს,” - გვირჩევს სილიკონის დაბლობის ბინადარი კიდევ ერთი კომპანიის, Band of Angels წარმომადგენელი რონ უეისმანი. უეისმანი ინვესტიციების სანაცვლოდ კომპანიების წილებს ითხოვს.

პრეზენტაციების შემდეგ, ქართველი მეწარმეები ინვესტორებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ. ადგილზე დაფინანსება ვერც ერთმა მათგანმა მიიღო, მაგრამ სტუმრები იმედიანად განეწყვნენ და გადაწყვიტეს, იდეების განხილვა მომავალ კვირას გააგრძელონ.

სიუჟეტი მოამზადა "ამერიკის ხმის" ბიურომ ლოს-ანჯელესში, პალო ალტოსა და ვაშინგტონში. თემაზე პალო-ალტოში მიშელ ქუინმა, ვაშინგტონში კი ანა კალანდაძემ იმუშავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG