ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს მოლოდინში


„საქართველო NATO-ს ხუთოსანი მოსწავლეა“, - ხშირად ასე აფასებენ საქართველოს კონტრიბუციას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და თბილისის მიერ თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსის შიგნით თავდაცვისუნარიანობის შესახებ დებატები განახლდა. ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ამერიკის როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში. პრეზიდენტმა ტრამპმა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ალიანსს „მოძველებული“ უწოდა და ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ევროპული პარტნიორებისგან მოელის ალიანსში ფინანსური კონტრიბუციის გაზრდას.

მიუხედავად ალიანსის მიმართ არსებული კრიტიკისა, რომ მან დაკარგა თავისი თავდაპირველი მიზანი, ნატო საკუთარი წევრებისთვის უსაფრთხოების დამცველად რჩება და ცივი ომის დასრულების შემდეგ გვევლინება, როგორც ეფექტური საერთაშორისო მოთამაშე. დღეისათვის, საქართველო NATO-ს საწვრთნელ ცენტრს მასპინძლობს და განაგრძობს ყოველწლიური გეგმის შესრულებას. ალიანსმა, ვარშავის 2016 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი“ - ძალაშია. თუმცა, უკანასკნელ რამდენიმე წელს, საქართველოსა და NATO-ს შორის გარდამტეხი ცვლილებები არ მოუტანია.

NATO-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. კითხვა მდგომარეობს იმაში, დასავლეთი გააკეთებს თუ არა არჩევანს. მე ვფიქრობ, ბევრი რამე დამოკიდებულია ამერიკის ადმინისტრაციაზე და ვაშინგტონის პოზიციაზე...
მარგარიტა ასენოვა

​„NATO-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. კითხვა მდგომარეობს იმაში, დასავლეთი გააკეთებს თუ არა არჩევანს. მე ვფიქრობ, ბევრი რამე დამოკიდებულია ამერიკის ადმინისტრაციაზე და ვაშინგტონის პოზიციაზე... ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციამ ეს საკითხი გვერდით გადადო და არ სურდა ამის წინ წაწევა. თუ ახალი ადმინისტრაცია სერიოზულად უდგება ევროპის დაცვას და საკუთარ თავდაცვას, სამხრეთ კავკასია ამის კრიტიკული ნაწილია. ევროპის თავდაცვის ხაზი გადის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაზე, ეს ერთიან ჭრილში უნდა განიხილებოდეს. ჩვენ თუ ასე არ შევხედავთ საკითხს, ჩვენი გადაწყვეტილებები არ იქნება ერთიანი“, - ამბობს მარგარიტა ასენოვა ჯეიმსთაუნის ფონდიდან, ვაშინგტონში ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ამერიკას, რუსეთსა და რეგიონულ უსაფრთხოებას შეეხებოდა.

2008 წელს ჩატარებული პლებისციტით, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტმა მხარი დაუჭირა ალიანსში გაწევრიანებს. 2016 წლის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით კი (დეკემბერი, 2016) საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტი ემხრობა ამ ორგანიზაციაში წევრობას. საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს დასავლურ არჩევანს უალტერნატივოს ხდის, ამის გათვალისწინებით რუსეთი ცდილობს საქართველოზე გავლენა სხვა გზით მოიპოვოს. მათ შორის პრო-რუსული ჯგუფების დაფინანსებით, ეკონომიკური მანიპულაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით.

„რუსეთს საქართველოზე აღარ აქვს პოლიტიკური ზეწოლის საშუალება. თუმცა აქვს სამხედრო ბერკეტები, ის საქართველოს სამხედრო ვაკუუმში ამყოფებს, იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს არ აქვს თავის დაცვის საშუალება. რუსეთს ასევე აქვს სხვა ტიპის ბერკეტები, როგორიცაა პრო-რუსული ორგანიზაციები საქართველოს შიგნით, პრო-რუსული ლობი, რომელსაც მოსკოვი უხდის ფულს, მათი ნაწილი ცდილობს საქართველოს ეროვნული იდენტობით მანიპულაციას და აცხადებს, რომ ის დასავლურ ღირებულებებთან არათავსებადია. ეს კულტურული ბერკეტის ფორმაა. რუსეთს ასევე აქვს სავაჭრო ბერკეტები იმ კუთხით, რომ მას შეუძლია გაუხსნას ბაზარი ქართულ პროდუქციას, რაც ჩემი აზრით, მახეა“, - აცხადებს ვლადიმერ სოკორი, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის უფროსი მკვლევარი.

რუსეთს ასევე აქვს სხვა ტიპის ბერკეტები-პრო-რუსული ორგანიზაციები საქართველოს შიგნით, პრო-რუსული ლობი, მათი ნაწილი ცდილობს საქართველოს ეროვნული იდენტობით მანიპულაციას
ვლადიმერ სოკორი

იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯერ ისევ ბუნდოვანია, რუსეთი აგრძელებს რეგიონში საკუთარი ინტერესების წინწაწევას. ცოტა ხსნის წინ, მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ძალების საკუთარ ჯარებში ინკორპორაცია მოახდინა და აფხაზეთში S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა განათავსა. ვაშინგტონში ექპერტების ნაწილი კრემლის ამ ნაბიჯს დე ფაქტო ანექსიად აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა ვაშინგტონმა მკაცრად უპასუხოს რუსეთის მსგავს ქმედებებს.

“რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის სარდლობაში ინტეგრაცია ჩემი აზრით ანექსირებას უდრის. არმიის ანექსირებით ტერიტორიის ანექსიაც ხდება. საქართველოს შეშფოთება გასაგებია. დასავლეთში ეს პროცესი უფრო კარგად უნდა ესმოდეთ და უფრო მეტ მხარდაჭერას უნდა აჩვენებდნენ, ვინაიდან ჩვენ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ რუსეთი გავაფრთხილოთ, ჩავერთოთ და შევაჩეროთ ეს პროცესი” -ამბობს ასენოვა.

საგარეო პოლიტიკაში, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავდაცვისუნარიანობის შერყევა და მისი ერთიანობის ძირის გამოთხრაა. მოსკოვი NATO-ს საზღვარზე პომპეზურ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ატარებს, პროვოკაციულად არღვევს მოკავშირეთა საჰაერო სივრცეს და გამუდმებით უმეორებს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება კრემლისთვის წითელი ხაზია. თუმცა, დასავლეთში ფიქრობენ, რომ მესამე ძალას [მოსკოვს] არ უნდა ქონდეს უფლება ვეტო დაადოს ალიანსის გადაწყვეტილებას. მათი თქმით, „ღია კარის პოლიტიკის“ ერთგულება საუკეთესო საშუალებაა მოსკოვის რევანშისტული პოლიტიკის შესაკავებლად.

“რუსეთს სურს იყოს დომინანტური ძალა სამხრეთ კავკასიაში. ის საქართველოს კასტრირებას ცდილობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით და იმის მუქარით, რომ სხვა ნაწილებსაც წაიღებს... საქართველო თავს გრძნობს უფრო და უფრო განეიტრალებულად. ის NATO-სთან ისე ახლოს აღარ არის, როგორც 4 წლის წინ ან 8 წლის წინ იყო... ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს დანაწევრებაზე, ან ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებაზე“, - ამბობს იანუშ ბუგაისკი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი.

საქართველო NATO-სთან ისე ახლოს აღარ არის, როგორც 4 წლის წინ ან 8 წლის წინ იყო... ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს დანაწევრებაზე,
იანუშ ბუგაისკი

NATO-ს გაფართოების პოლიტიკის მომავალი, დიდწილად, ალიანსის მიმართ ამერიკის პოლიტიკას უკავშირდება ვინაიდან, ალიანსის მთავარი თავდაცვითი ტვირთი ვაშინგტონზეა. დღეს, ალიანსის ერთიანი თავდაცვის 73% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. ამერიკის ჩართულობის შენარჩუნების იმედს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაცვის მდივნის არჩევანი ტოვებს. ჯიმ მატისი გამოირჩევა თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხების ხისტი ხედვით.

"ღია კარის პოლიტიკა" ალიანსის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ცივი ომის დასრულების შემდეგ, NATO განაგრძობს გაფართოებას. ალიანსმა ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან პირველად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიიღო, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ მონტენეგრო იქნა მიწვეული ბრიუსელის მიერ. თუმცა ამერიკის სხვადასხვა ადმინისტრაციას ალიანსის განსხვავებული ხედვა აქვს. საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ნაკლები ენთუზიაზმით მიუდგა, ვიდრე მისი წინამორბედი, რამაც საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. როგორი იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, ეს ჯერ უცნობია. გაფართოებაზე საუბრისას, დღეს, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ალიანსმა უნდა გადახედოს საკუთარ მოდელს და ახალი ალტერნატივა შესთავაზოს ასპირანტ ქვეყნებს.

„NATO-მ უნდა შეცვალოს გაფართოების მოდელი და მიიღოს ახალი მოდელი, რომელიც გააერთიანებს საქართველოსა და უკრაინას, როცა საჭირო არ იქნება NATO-ს ყველა წევრის თანხმობა და ყველა წევრის სამუშაო ჩართულობა, არამედ ეს პროცესი მხოლოდ იმ ქვეყნებს გააერთიანებს, რომლებსაც წევრობის სურვილი ექნებათ. მე ასე ვხედავ NATO-ს გაფართოებას-ქვეყნების ჯგუფის გაერთიანებას ალიანსის შიგნით მათი სურვილის მიხედვით და ამერიკის ლიდერობით“, - განაცხადა ვლადიმერ სოკორმა, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის მკვლევარმა.

ბრიუსელი იმეორებს, რომ „ღია კარის პოლიტიკის“ შეცვლას ალიანსი არ აპირებს, თუმცა ვაშინგტონში, ამერიკას და ევროპელ პარტნიორებს აფრთხილებენ, რომ ალიანსი არ უნდა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მისი კარი „თეორიულად ღია და პრაქტიკულად დახურული“ იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG