ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ყაზტრანსგაზი“ და „ინტერ რაო“ საქართველოს წინააღმდეგ


„ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახეთის ძირითადი გაზოენერგეტიკული და გაზოსატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიაა, საქართველოს მთავრობას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში (LCIA) უჩივლა.

დავის საგანი - თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განხორციელებული ინვესტიციის - 130 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება და დამატებით, ზარალის 50 მილიონი დოლარის ანაზღაურებაა.

1956 წელს დაარსებული „თბილგაზი“, „ყაზტრანსგაზმა“ 2006 წელს - 12,5 მილიონ დოლარად შეიძინა. მათ 2011 წლამდე, თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში 82 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, მოეხდინათ ქსელის გამრიცხველიანება, გაზის დანაკარგი კი 68%-დან 10%-მდე უნდა შეემცირებინათ. 2011 წლიდან მოგებაზე გასვლა, 2015 წლიდან კი ინვესტიციის ამოღების დაწყება იგეგმებოდა.

ყახაზები „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2009 წლიდან ვეღარ მართავენ
ყახაზები „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2009 წლიდან ვეღარ მართავენ

2009 წლიდან ყაზახებმა „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ მართვა დაკარგეს. ამის მიზეზი - 80 მილიონი ლარის დავალიანების დაგროვება გახდა, რის გამოც ბოლო რვა წელია, ყაზახურ კომპანიას საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული, დროებითი საგანგებო მმართველი ხელმძღვანელობს და ვალებს ფარავს.

ყაზახური მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი მთავრობა „ ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, რადგან, მათი აზრით, „ხელოვნურად დაგროვილი ვალის“ პირობებში, კომფორტულია საქმე არა უცხოელ ინვესტორთან, არამედ დანიშნულ მმართველთან გქონდეს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის წინ მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი:

ყაზტრანსგაზის მიერ დაყენებულ თითოეულ მოთხოვნაზე გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პასუხები. აქედან გამომდინარე, არბიტრაჟში დავის შემთხვევაში არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს, თუმცა ამ დრომდე არსებობს რესურსი, რომ მოხდეს საკითხის მოლაპარაკების გზით დასრულება"
ირაკლი ხმალაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

„ყაზტრანსგაზის მიერ დაყენებულ თითოეულ მოთხოვნაზე გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პასუხები. აქედან გამომდინარე, არბიტრაჟში დავის შემთხვევაში არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს, თუმცა ამ დრომდე არსებობს რესურსი, რომ მოხდეს საკითხის მოლაპარაკების გზით დასრულება და არ მოგვიწიოს არბიტრაჟში დავა.“

„ყაზტრანსგაზის“ ცენტრალურმა ოფისმა წინასაარბიტრაჟო გზით ინვესტიციების დაბრუნებაზე დავა, ჯერ კიდევ, 2015 წლის 21 სექტემბერს წამოიწყო. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორის სანჟარ შოკატაევის თქმით, მას შემდეგ, სადაო საკითხი განხილული იქნა, როგორც საქართველოს პრემიერის, ისე ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების დონეზე, თუმცა უშედეგოდ.

ყაზახები პრობლემურ ქართულ აქტივთან მიმართებაში განიხილავდნენ, როგორც კომპანიაში საკუთარი მენეჯმენტის დაბრუნებას, ისე მის გაყიდვას. თუმცა, ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა, რადგან გარიგების წინაპირობას, ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებას საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ თანხმდება.

„ყაზტრანსგაზმა“ ტარიფების გადახედვა 2017 წლის მარტში მოითხოვა. ამჟამად, კომპანია საქართველოს დედაქალაქის მასშტაბით, ბუნებრივ აირს 370 000-ზე მეტ აბონენტს და 14 000-ზე მეტ მსხვილ, სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს აწვდის. „ყაზტრანსგაზის“ სამომხმარებლო ტარიფი 32-დან 47 თეთრამდე, ხოლო კომერციული 75-დან 90 თეთრამდე მერყეობს,

„ყაზტრასგაზის“ შემდეგ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს „ინტერ რაოც“ გეგმავს. რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა საქართველოს მთავრობას 2017 წლის 14 აპრილს მისწერა რომ წინასაარბიტრაჟო გზით დავას იწყებს.

"თელასის" მფლობელი "ინტერ რაო" სატარიფო პოლიტიკით უკმაყოფილოა
"თელასის" მფლობელი "ინტერ რაო" სატარიფო პოლიტიკით უკმაყოფილოა

„ინტერ რაო“ თბილისის თითქმის 5000 კმ სიგრძის ელექტროქსელის, დისტრიბუტორის „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს, რომლის მეშვეობით დენს 530 000-ს აბონენტს აწვდის. თბილისში, ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია, მოხმარების მიხედვით, დაახლოებით, 10 თეთრიდან 18 თეთრამდე ღირს.

„ინტერ რაოს“ ეკუთვნის მდინარე ხრამზე, ორი, 227 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. დამატებით, საიდუმლო მემორანდუმით, 2008 წლიდან, დროებით მმართვაში, ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდიროელექტროსადგური „ენგურ ჰესიც“ აქვს აღებული.

რუსული კომპანია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმით, ლარის დოლართან გაუფასურების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა უნდა მომხდარიყო.

2015-16 წლებში, „ინტერ რაომ“ ორჯერ მოითხოვა ტარიფების გადახედვა და ორჯერვე უარი მიიღო. „ინტერ რაოს“ დათვლით, ზარალი „რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს“ შეადგენს და ანაზღაურებას საქართველოს მთავრობისგან ელის.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე ირინა მილორავა ამბობს, რომ „ინტერ რაოს“ პრეტენზიები უსაფუძვლოა:

„სემეკმა არ გაითვალსიწინა 2013 წლის მემორანდუმის პირობები. ჩვენ ვიხემძღვანელეთ ჩვენს მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის პირობებით. ეს მეთოდოლოგია ითვალისწინებს კომპანიების ყველა დასაბუთებული ხარჯის ტარიფში ასახვას. 2015 წელს, როცა ჩვენ „თელასისთვის“ პირველი ტარიფი დავთვალეთ, ტარიფის ზრდა, დაახლოებით 40%-ით მოხდა სწორედ ლარის კურსის ცვლილების გამო.“
ირინა მილორავა, სემეკის თავმჯდომარე

„სემეკმა არ გაითვალსიწინა 2013 წლის მემორანდუმის პირობები. ჩვენ ვიხემძღვანელეთ ჩვენს მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის პირობებით. ეს მეთოდოლოგია ითვალისწინებს კომპანიების ყველა დასაბუთებული ხარჯის ტარიფში ასახვას. 2015 წელს, როცა ჩვენ „თელასისთვის“ პირველი ტარიფი დავთვალეთ, ტარიფის ზრდა, დაახლოებით 40%-ით მოხდა სწორედ ლარის კურსის ცვლილების გამო.“

საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების წარმართვის როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი გამოცდილება აქვს. 2010 წელს, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში, მთავრობამ 98 მილიონიანი სარჩელი ნავთობკომპანია „ტრამექსთან“ წააგო, თუმცა, რამდენიმე თვეში, „ტრამექსის“ ორი მეპატრენე დაიჭირა და მხოლოდ 30 მილიონის მიღებაზე დაითანხმა.

2011 წელს, საერთაშორისო არბიტრაჟიდან სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ, მთავრობამ პატარკაციშვილების ოჯახს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაუბრუნა. იმავე წელს, მთავრობას 35 მილიონი დოლარი დაუჯდა ისრაელის კომპანია „ელბიტთან“ მორიგება, რის შემდეგაც მოდავე მხარემ 100 მილიონიან სარჩელზე უარი თქვა.

2012 წელს, მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრში, მთავრობას ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. იგი „ქართუ“ ბანკისთვის მიყენებული 186 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. ეს საქმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მორიგებით დასრულდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG