ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის წამყვანი პრობლემა ნევროლოგიური დაავადებები გახდა


3,4 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს ნევროლოგიური პრობლემები, გლობალურად მოსახლეობის 43%-ს.

დედამიწაზე ყოველ მესამე ადამიანს ნევროლოგიური პრობლემები აქვს, რაც მთელ მსოფლიოში დაავადებებს შორის, უკვე პირველ ადგილს იკავებს. ორგანიზმის ნერვული სისტემის დაავადებებმა, რომელთა შორისაა ინსულტი, დემენცია, შაკიკი თუ სხვა, პროცენტულად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც გაუსწრო და ჯანდაცვის სისტემის ნომერ პირველ პრობლემად გადაიქცა.

ამერიკელ მეცნიერთა მასშტაბური კვლევა ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მასში ჯანმრთელობის მონაცემთა და ევალუაციის ინსტიტუტის (IHME) ასობით მკვლევარი მონაწილეობდა. მაღალი რეპუტაციის გამო, ინსტიტუტის მეცნიერთა ნაშრომები ჯანდაცვის სტატისტიკის გლობალურ წყაროს წარმოადგენს.

ჯანმრთელობის მონაცემთა და ევალუაციის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შესწავლილი მონაცემები ცხადყოფს, რომ დედამიწაზე 3,4 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს ნევროლოგიური პრობლემები. ეს კი გლობალურად მოსახლეობის 43%-ს შეადგენს.

ინსტიტუტიდან ნაშრომის წამყვანი ავტორის, ჯეიმი სტეინმეცის თქმით, ნერვული სისტემის პრობლემები ახლა „მსოფლიოში დაავადებათა საერთო ტვირთის წამყვან მიზეზს წარმოადგენს“. დაავადებათა ზრდამ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში 59% შეადგინა, რაც მეცნიერებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო.

კვლევის ავტორების აზრით, ნევროლოგიური პრობლემების მკვეთრი ზრდა ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ბოლო დეკადებში მსოფლიოს მოსახლეობაც გაიზარდა და მისი საშუალო ასაკიც. მონაცემთა მოსახლეობის ზრდის და ასაკის მიხედვით მოდიფიკაციის შემთხვევაში, სიკვდილობის და შეზღუდული უნარების შემთხვევები, დაახლოებით, მესამედით იკლებს.

თავად ის ფაქტი, რომ ნევროლოგიურმა პრობლემებმა გულის დაავადებათა მონაცემებს გაუსწრო და პირველ ადგილზე გადავიდა, უფრო იმის ბრალია, რომ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კლასიფიკაციები შეცვალა. ჯანმოს გადაწყვეტილებით, ინსულტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებიდან, ნევროლოგიურ დაავადებათა კატეგორიაში გადავიდა, - უთხრა ჯეიმი სტეინმეცმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“.

რაც შეეხება კვლევას, მეცნიერები სწავლობდნენ იმას, თუ რამდენად იმოქმედა ადამიანთა ჯანმრთელობაზე 37 დასახელების ნევროლოგიურმა პრობლემამ, როგორი იყო ამ დაავადებების გამო, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილის მონაცემები. შემაჯამებელი ნაშრომისთვის 10 წელზე მეტი, 1990 წლიდან 2021 წლამდე დროის ინტერვალი შეირჩა. ფართო იყო გეოგრაფიული რადიუსიც - კვლევამ 204 ქვეყანა მოიცვა.

მეცნიერებმა ეს მონაცემები გამოიყენეს იმის შესაფასებლად, თუ ჯანსაღი ცხოვრების რამდენი წელი დაიკარგა ამა თუ იმ დაავადების გამო, ანუ - გამოთვალეს შეზღუდული შესაძლებლობებით დაკარგული სიცოცხლის წლები (disability-adjusted life years - DALYs). როგორც გაირკვა, 2021 წელს, დედამიწის მოსახლეობამ ნევროლოგიური პრობლემების გამო, 443 მილიონ წელზე მეტი დაკარგა, რაც 1990 წელთან შედარებით, 18%-იან ზრდაზე მიუთითებს.

ინსულტის გამო ყველაზე მეტი, 160 მილიონი ჯანსაღი ცხოვრების წელი დაიკარგა. მეორე ადგილზეა ნეონატალური (ახალშობილთა) ენცეფალოპათია. შემდეგ მოდის: დემენცია (ალცჰაიმერის ჩათვლით); დიაბეტით გამოწვეული ნეიროპათია; მენინგიტი და ეპილეფსია. კოვიდ-19-ით გამოწვეული კოგნიტური დაზიანებები მე-20 ადგილზეა.

კიდევ რამდენიმე საყურადღებო მიგნება: კვლევის მიხედვით, ყველაზე სწრაფად იზრდება დიაბეტით გამოწვეული ნერვული დაზიანების - ნეიროპათიის შემთხვევები. პროცენტულად ყველაზე გავრცელებული კი დაძაბულობის თავის ტკივილი და შაკიკია. 2021 წელს, ამ 37 ნევროლოგიური პრობლემით 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გეოგრაფიულად, ნევროლოგიური დაავადებების ყველაზე მაღალი მონაცემები აფრიკის კონტინენტზე დაფიქსირდა, მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში, ყველაზე დაბალი კი - ავსტრალიის კონტინენტზე.

სამწუხაროდ, ამ დაავადებათა უმეტესი ნაწილი არ იკურნება და მკურნალობის, პრევენციის და რეაბილიტაციის მწირი დონის გამო, პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით აისახება ღარიბ და განვითარებად ქვეყნებზე. მაგრამ, არსებობს ამ დაავადებათა პრევენციის, მათი რისკის შემცირების აპრობირებული მეთოდები: აუცილებელია დარეგულირდეს მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ალკოჰოლის მოხმარების სიხშირე და თამბაქოს მწეველთა რიცხვი, წახალისდეს ფიზიკური აქტივობა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი

სწორედ დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის ნევროლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობისა და ჯანმრთელობის დაკარგვის 80%-ზე მეტი, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ამ ქვეყნებში მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ბევრად განსხვავებულია თუნდაც სპეციალისტების რაოდენობის მხრივ. ჯანმოს მონაცემებით, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 100 000 ადამიანზე 70-ჯერ მეტი ნევროლოგი პროფესიონალია, ვიდრე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

„ეს კვლევა უნდა იყოს სასწრაფო მოწოდება ქმედებისკენ, რათა გაზარდოს მიზანმიმართული ინტერვენციები, რომ ნევროლოგიური პრობლემებით მცხოვრები ადამიანების მზარდ რაოდენობას მიეცეს საშუალება მიიღონ საჭირო ხარისხიანი მოვლა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდესმე, ტვინის ჯანმრთელობის უკეთ გაგება, დაფასება და დაცვა ადრეული ბავშვობიდან მთელი ცხოვრების მანძილზე“,- ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ჯანმოს ვებგვერდზე ამ კვლევასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

ამერიკელ მეცნიერთა ნაშრომი 14 მარტს გამოქვეყნდა. მისი სრულად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „ლანცეტი“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG