ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაჯიკეთში რუსმა გამომძიებლებმა ტერორიზმში ბრალდებულთა ოჯახის წევრები დაკითხეს


მოსკოვის ოლქში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შესახებ რუსეთში გამოძიება გრძელდება. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით გამოძიების ფარგლებში რუსი გამომძიებლები ტაჯიკეთში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ბრალდებულთა ოჯახის წევრები დაკითხეს. „როიტერს“ ინფორმაციას ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურიდან სამი წყარო კონფიდენციალურობის დაცვით აწვდის.

წყაროს მტკიცებით დაკითხვები დუშანბეში წარიმართა და ბრალდებულთა ოჯახის წევრები ქალაქში ვახდათიდან, გისარიდან და რუდაკის რაიონებიდან ჩაიყვანეს.

სააგენტო „როიტერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გამოძიებაში ტაჯიკეთის მხარის ჩართულობას და თანამშრომლობას ქვეყნის პრეზიდენტი ემომალი რახმონი პირადად აკონტროლებს, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს „სამარცხვინო და საშინელი მოვლენა“ უწოდა.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურების ცნობით, ტერაქტში, რომელიც გასული კვირის ბოლოს მოხდა, უშუალოდ იყო ჩართული ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე, მოგვიანებით რუსეთში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს რამდენიმე პირიც, რომელთაგან სამი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფის წევრებმა აიღეს, მათ ხოცვა-ჟლეტის ვიდეო კადრებიც გაავრცელეს, თუმცა არ დაუსახელებიათ თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან შვილები მავნე გავლენებისგან. ტერორისტულ თავდასხმამდე, 2024 წლის მარტის დასაწყისში პრეზიდენტი რახმონი ტაჯიკეტში რადიკალი ისლამისტების აქტივობებით იყო შეშფოთებული. პრეზიდენტი ამბობდა, რომ ისინი ტაჯიკ ახალგაზრდებს „ტვინს ურეცხავდნენ“.

ტაჯიკეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყანაა, რომელიც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს მოსკოვთან. ტაჯიკეთში განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა და ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია რუსეთში მცხოვრებ ტაჯიკ მიგრანტებზე და მათ ფულად გზავნილებზე.

კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმა, რუსეთში ბოლო წლებში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია. თავდასხმის შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 130-ზე მეტი კი დაიღუპა. დაკავებულთა ნაწილი კრემლის მტკიცებით დანაშაულს აღიარებს. მოსკოვი ამბობს, რომ შემსრულებლებთან ერთად მისი მიზანია დამკვეთების დადგენაც მოხდეს და ყველა პირი უმკაცრესად დაისაჯოს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG