ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

23 დაკავებულიდან, 22 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - სახალხო დამცველი


სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, 13 მაისს, პარლამენტთან, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს.

როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ:

"კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე 20 პირი დააკავეს. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან სახალხო დამცველის ოფისში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში მათ 23 დაკავებული დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებულები.

13 მაისს, აქციის მონაწილეების დაკავების მომენტები არაერთი კამერის თუ ტელეფონის ობიექტივში მოექცა. შესაბამისად, ადვილია იმის დანახვა, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს.

დაკავების მეთოდი ასეთია - ჯგუფურად შეკრებილი სპეცრაზმელები, პოლიცია, წრეში აქცევენ აქციის მონაწილეს, სახესა და თავში ურტყამენ მუშტებს და თან მის გათრევას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუკი აქციის მონაწილე წაიქცევა, მაშინ მას წიხლებიც ხვდება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ დროისათვის ღუდუშაულის კლინიკაშია გადაყვანილი ერთ-ერთი დაკავებული გურამ ადამია. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, დაკავებულს არაერთი მძიმე დაზიანება აღენიშნება სახის არეში, მათ შორის, განსაკუთრებით საყურდღებოა თვალის დაზიანება.

საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 13 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG